ირაკლი ლექვინაძე: მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ “თიბისი ბანკის” დატოვების შესახებ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს

“აბსოლუტურად სწორია გადაწყვეტილება, რაც მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ მიიღეს, რომ დროებით დატოვონ შესაბამისი კომპანია, რათა ეს ერთმანეთთან არ იყოს კავშირში”, – ასე აფასებს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე “თიბისი ბანკის” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.
მისივე თქმით, ლონდონის ბირჟაზე ბანკის აქციების ფასის დავარდნა დროებითია და მალე გამოსწორდება.
„რა თქმა უნდა, მსგავსი ტიპის განცხადება არის გავლენისმომხდენი კომპანიებზე, რომლებშიც მონაწილეობენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. ბუნებრივია, გუშინდელი განცხადების შემდეგ იყო გავლენა. ვფიქრობ, რომ ეს იქნება მაინც მოკლევადიანი ეფექტი და აბსოლუტურად სწორია გადაწყვეტილება, რაც მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ მიიღეს, რომ დროებით დატოვონ შესაბამისი კომპანია, რათა ეს ერთმანეთთან არ იყოს კავშირში“, – განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.
მისი თქმით, საქმე წარმართულია სასამართლოში, სადაც მხარეებს საკუთარი პოზიციების დაფიქსირების საშუალება ექნებათ.
„ვფიქრობ, რომ საქმე გადასულია სასამართლოში და, ალბათ, პროცესი იქნება შესაბამისი, რომ ორივე მხარეს ექნება თავიანთი პოზიციების დაფიქსირების საშუალება.
რაც შეეხება ჩვენს კომპეტენციას – როცა საქმე ეხება სისხლის სამართლის პროცესს, ასეთ შემთხვევაში ჩვენი კომპეტენციები არის შეზღუდული“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ „თიბისი ბანკის“ მფლობელი კომპანიის – „თიბისი ბანკის ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობები დატოვეს.
„თიბისი ბანკის ჯგუფის“ განცხადების თანახმად, ისინი ამ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ, რათა მათ წინაშე წაყენებულმა ბრალდებებმა არ იქონიოს გავლენა ჯგუფის საქმიანობაზე, ხოლო თავად თავისუფლად შეძლონ დავის გაგრძელება.
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უწყებამ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა მათ მიერ ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალის დადგენილება და საქმის მასალები პროკურატურაში გუშინ გადასცეს.
ამასთან, ლონდონის ბირჟაზე „თიბისი ბანკის“ აქციების ფასი შემცირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები