ქართველი მეცნიერები “ელსევიერის” საერთაშორისო სამეცნიერო ბაზით ისარგებლებენ

   ქართველი მეცნიერები “ელსევიერის” უმსხვილესი საერთაშორისო სამეცნიერო ბაზით უფასოდ ისარგებლებენ. შესაბამის ხელშეკრულებას შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა დღეს მოაწერა ხელი.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მეცნიერებისთვის ელექტრონულად ხელმისაწვდომი გახდება მთელ მსოფლიოში გამოქვეყნებული სამეცნიერო ლიტერატურა, არა მხოლოდ მოკლე ანოტაციების, არამედ შრომების სრული ვერსიების დონეზეც. “ელსევიერის” ელექტრონული ბაზა შესაძლებელს გახდის ასევე ციტირებისა და სხვა ბიბლომეტრული ინფორმაციის მოპოვებას. ამასთან, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მიიღებს წვდომას (SciVal Funding™) მეცნიერთა და სამეცნიერო პროქტების დაფინანსების საძიებო ბაზასა და რეცენზენტთა საძიებო ბაზაზე.
უახლეს სამეცნიერო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, ფონდს, სამეცნიერო – კვლევით და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მაღალ აკადემიურ დონეზე განახორციელონ თავიანთი ფუნქციები, ხოლო, მეორე მხრივ, ქართველ მკვლევრებსა და სტუდენტებს აქტიურად ჩაერთონ საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აღნიშნულ მომსახურებაში სამი წლის განმავლობაში ეტაპობრივად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიონ 420 ათასამდე ლარს გადაიხდის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები