სერგო მეთოფიშვილი: დამტკიცდება, რომ დღეს იუსტიციის საბჭო სრულიად სამართლიან და კანონიერ პროცედურებს ატარებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, სერგო მეთოფიშვილი მიიჩნევს, რომ დროთა განმავლობაში იუსტიციის საბჭოს ქმედებების სისწორე ზუსტად ისევე დამტკიცდება, როგორც ეს „რუსთავი 2-ის“ საქმეზე მოხდა.
“არსებობს რამდენიმე ორგანიზაცია, რომელიც, ჩემი აზრით, „ფეიკ“ კვლევებს აწარმოებს, მათ შორის ერთ-ერთია კორუფციის რისკებთან დაკავშირებით ეკა გიგაურის ორგანიზაცია. ამ ორგანიზაციამ ჩაატარა კვლევა, სადაც ნახსენები იყო “რუსთავის 2-ის” საქმე. მაშინ მოდაში იყო “რუსთავი2-ის” საქმე და ამ კვლევაში სასამართლო “სისტემის ლაქად” იყო ნახსენები. დღეს დადგინდა, რომ სამივე ინსტანციის სასამართლო სამართლიანად მოქმედებდა. მიღებული აქვს სამართლიანი გადაწყვეტილება.
დღეს ქალბატონი ნაზიბროლა კანდიდატებს ერთსა და იმავე კითხვას უსვამს და ატრიალებს ანალოგიურ აბსურდს, თითქოს, რაღაც შეთქმულება იყო იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრთა შორის. პირადად მე და დანარჩენი მოსამართლეებიც ვამბობთ, რომ – არა, მაგრამ ქალბატონი, ნაზი მაინც თავისას ატრიალებს. დრო გავა, საპირისპირო დამტკიცდება ისე, როგორც სტრასბურგმა დაამტკიცა „რუსთავი 2-ის“ საქმეზე, რომ სასამართლო იყო მართალი, სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო. ისიც დამტკიცდება, რომ დღეს იუსტიციის საბჭო სრულიად სამართლიან და კანონიერ პროცედურებს ატარებს. ძალიან მაინტერესებს, რას იტყვის ქალბატონი ნაზიბროლა და როგორი იქნება საზოგადოების აზრი“, – განაცხადა სერგო მეთოფიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები