საქართველო ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგში დაწინაურდა
პირველად ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგის ისტორიაში, საქართველო ტოპ 50 ქვეყანას შორის მოხვდა. 2019 წლის მონაცემებით, საქართველო 48-ე ადგილს იკავებს, წინა წელთან შედარებით მაჩვენებელი 11 საფეხურით გაუმჯობესდა.
“ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგში საქართველოს ადგილი საგრძნობლად გაუმჯობესდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ინოვაციების მიმართულებით საქართველოს მთავრობამ გარდამტეხი ნაბიჯები გადადგა. გასათვალისწინებელია, რომ, სხვა ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც ასევე აუმჯობესებენ საკუთარ მაჩვენებელს, საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები უფრო სწრაფი და ეფექტიანი აღმოჩნდა”, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ.
მან, ასევე, დასძინა, რომ ,,საქართველო ამაზე გაჩერებას ნამდვილად არ აპირებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერმინისტრის ინიციატივით დაწყებული განათლების რეფორმა, რომელიც გულისხმობს მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 6%-ის მიმართვას განათლებაზე, მეცნიერებასა და ინოვაციებზე, აისახება 2020 წელს გლობალური ინოვაციების ინდექსში და ეს საქართველოს კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს. მთავრობის მიერ დაგეგმილი ფართომასშტაბიანი რეფორმები იძლევა ქვეყნის კიდევ უფრო წინსვლის საფუძველს. იმედი გვაქვს, რამდენიმე წელიწადში მოვახერხებთ საუკეთესო 20 ქვეყანას შორის მოხვედრას. ინდოეთში გამართულ ღონისძიებაზე საქართველო ხაზგასმით იქნა აღიარებული, როგორც არა მარტო ლიდერი ქვეყანა რეგიონში, არამედ მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქვეყანა ინოვაციების მიმართულებით“, – აღნიშნულია საქართველოს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინოვაციების გლობალური ინდექსი 2012 წლიდან ყოველწლიურად ქვეყნდება. მისი მიზანია ინოვაციების მიმართულებით მსოფლიო ტენდენციების ჩვენება. იგი, ასევე, ცდილობს, წარმოაჩინოს ის მექანიზმები, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია გრძელვადიანი ზრდის, პროდუქტიულობისა და სამუშაო ადგილების ზრდის მიღწევა. ინოვაციების გლობალური ინდექსი ეხმარება და რჩევებს აძლევს ქვეყნებს, თუ რა არის საჭირო ინოვაციების გასავითარებლად აუცილებელი პირობებისა და გარემოს შესაქმნელად.