კობა გვენეტაძე: „თიბისი ბანკის” მომხმარებლის ინტერესები იმავე ხარისხითაა დაცული, როგორც აქამდე იყო

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თქმით, „თიბისი ბანკის“ მომხმარებლის ინტერესები ზუსტად იმავე ხარისხითაა დაცული, როგორც აქამდე იყო. მისივე განცხადებით, ეროვნული ბანკი აპოლიტიკური ორგანიზაციაა და მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე შეფასებას არ გააკეთებს.
„ხაზარაძესა და ჯაფარიძესთან დაკავშირებულ ინფორმაციას რაც შეეხება, ვფიქრობ, კითხვები, რომლებიც გაქვთ, უმჯობესია, დაუსვათ საგამოძიებო ორგანოებს. რაც შეეხება „თიბისი ბანკს“ – მოგეხსენებათ, ჩვენ ბანკთან ჩვეულ რეჟიმში ვმუშაობთ, როგორც რეგულატორი. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ ბანკი არის ერთ-ერთი ჯანსაღი და ძლიერი საფინანსო ინსტიტუტი და ბანკის მომხმარებლის ინტერესები ზუსტად იმავე ხარისხითაა დაცული, როგორც აქამდე იყო.

ჩვენ ძალიან ბევრი ინფორმაცია მივაწოდეთ საზოგადოებას ამასთან დაკავშირებით. ეროვნულ ბანკსა და „თიბისი ბანკს“ შორის ამ წუთში და უკვე დიდი ხანია, არანაირი დავა არსებობს. ხაზარაძემ და ჯაფარიძემ, როგორც ფიზიკურმა პირებმა, მიმართეს სასამართლოს. ეროვნული ბანკი არის აპოლიტიკური ორგანიზაცია და მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე შეფასებას არ გააკეთებს. რაც შეეხება „თიბისი ბანკს“, რომელიც არის ეროვნული ბანკის ზედამხედველობის სუბიექტი – უკვე აღვნიშნე, რომ „თიბისი ბანკთან“ მუშაობის ჩვეულ რეჟიმში ვართ“, – აღნიშნა გვენეტაძემ.

ცნობისათვის, პროკურატურის ინფორმაციით, გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ მათ მიერ ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით“. საგამოძიებო უწყების ცნობით, ისინი დღეს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მათთვის ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით არიან დაბარებულები.
საქართველოს გენერალური პროკურატურა მ. ხაზარაძისა და ბ. ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები