მთავრობას 135 მაღალი გამავლობის ავტომობილს „ფრანს ავტო“ მიაწვდის
ტენდერში, რომელიც მთავრობისთვის 135 მაღალი გამავლობის ჯიპის მიწოდებას გულისხმობდა, სს „ ფრანს ავტომ“ გაიმარჯვა. ტენდერში წინადადებები ორმა კომპანიამ – შპს „სენა ავტომ“ და სს „ფრანს ავტომ“ წარადგინეს. სატენდერო პირობების თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 9 045 000 ლარი იყო. სს „ფრანს ავტოს“ შემოთავაზებულმა თანხამ 8 835 750 ლარი შეადგინა.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში იყო მითითებული, ახალი ავტომობილები უნდა იყოს 2019 წლის გამოშვების, მაქსიმალური გარბენით – 200 კილომეტრი, მარცხენასაჭიანი და განბაჟებული. მომწოდებელი ვალდებულია, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ავტომანქანების შემსყიდველზე გადაფორმება.
სატრანსპორტო საშუალების შესყიდვა 44 სხვადასხვა უწყებისთვის ხდება.
როგორც შესყიდვების სააგენტოში აცხადებენ, სატრანსპორტო საშუალებები არ არის განკუთვნილი მაღალი თანამდებობის პირთათვის და მათი შესყიდვა აუცილებელია ისეთი უწყებების შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის, რომელთა საქმიანობის სფერო, უშუალოდ, დაკავშირებულია საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და დაავადებათა კონტროლთან, სატყეო მეურნეობების მართვასა და მთის კურორტების განვითარებასთან. რაც შეეხება „ფრანს ავტოს“ – ის „რენოს“ ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.