შალვა თადუმაძე: მინდა, ვიყო ისეთი მოსამართლე, რომელიც ქმნის სამართალს
„მე მინდა, ვიყო ისეთი მოსამართლე რომელიც ქმნის სამართალს”, – ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ იუსტიციის საბჭოში მიმდინარე მოსმენაზე გააკეთა. მისივე თქმით, სტრასბურგის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ჩვენს მართლმსაჯულების სისტემას კომპლექსი აქვს.
„ვისურვებ, ისეთი სასამართლო პრაქტიკა შევქმნათ და ერთხელ და სამუდამოდ დავამთავროთ, რომ ჩხრეკის დროს ადამიანს არაფერი ჩაუდო და არ აწამო. სტრასბურგის თქმა ამას არ სჭირდება. ჩვეულებრივი ამბავია, რომ ადამიანი არ უნდა აწამო და სასამართლოს გარეშე არ უნდა ისჯებოდეს. ჩვენ კი სტრასბურგი თუ არ გვეტყვის, ჩვენით ვერ ვაკეთებთ.
და კიდევ ერთი, შეიძლება ვცდები, მაგრამ მართლმსაჯულების სისტემას კომპლექსი გაგვიჩნდა სტრასბურგის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. სტრასბურგის სინდრომი გვაქვს – გადაწყვეტილების მიღების დროს ვფიქრობთ, რას იტყვის სტრასბურგის სასამართლო”, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.