მამუკა ვასაძე ამბობს, რომ მან და შალვა თადუმაძემ უზენაეს სასამართლოში კანდიდატობის გადაწყეტილება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მიიღეს

გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ, მამუკა ვასაძემ იუსტიციის საბჭოში გასაუბრების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას მისი და გენპროკურორის, შალვა თადუმაძის უზენაეს სასამართლოში კანდიდატობის გადაწყვეტილებაზეც გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ მათ აღნიშნული ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გადაწყვიტეს.
“მე და შალვამ უზენაესი სასამართლოს კანდიდატობასთან დაკავშირებით ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მივიღეთ გადაწყვეტილება”, – თქვა ვასაძემ.
ჟურნალისტები, ასევე, დაინტერესდნენ, იცოდა თუ არა მან, რომ მისი რეკომენდატორი, გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შესარჩევ ეტაპზე თავისი კონკურენტი იქნებოდა. ამასთან, გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ ისიც განმარტა, თუ რატომ შეარჩია რეკომენდატორ პირად სწორედ შალვა თადუმაძე.
„სიმართლე გითხრათ, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მივიღეთ გადაწყვეტილება. თუმცა მე, ბუნებრივია, როცა მივიღე გადაწყვეტილება, გამოვუცხადე ჩემს ხელმძღვანელს, რომ ასეთი სურვილი მაქვს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მისგანაც მივიღე დასტური და თვითონაც გამიმხილა – მეც მაქვს ასეთი სურვილიო.
რეკომენდატორის საკითხთან დაკავშირებით საბჭოს წევრებმაც დამისვეს კითხვა. რეკომენდატორები შეირჩა იმ კრიტერიუმით, ვისაც მეტი ინფორმაცია აქვს ჩემ შესახებ, ვისაც მეტად შეუძლია ჩემი დადებითი ან უარყოფითი, კომპეტენციის ან კეთილსინდისიერების შესახებ ინფორმაციის მიწოდება საბჭოსთვის. აქედან გამომდინარე, რეკომენდატორად შეირჩა ბატონი შალვა თადუმაძე“, – განაცხადა მამუკა ვასაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები