იულია სუსლიაკის ქმარი აცხადებს, რომ მისი მეუღლის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია

იულია სუსლიაკის ქმარი – იური სუსლიაკი აცხადებს, რომ ორმა უცნობმა პირმა იულია სუსლიაკი, რომელიც ბაქოდან თბილისში ბრუნდებოდა, მატარებლიდან ჩამოიყვანა და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. სუსლიაკის მეუღლე აცხადებს, რომ მისთვის ქალის ადგილსამყოფელის შესახებ ამ დრომდე უცნობია.
ადვოკატი ზურაბ თოდუა გატაცებაში ქართველ სამართალდამცველებს ადანაშაულებს და განმარტავს, რომ ხვალ პრესკონფერენციაზე ის და სუსლიაკი გამოძიების დეტალებზე ლაპარაკს აპირებდნენ.თოდუა არ გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის უკრაინაში დეპორტაცია მოხდეს. თოდუა ამბობს, რომ სუსლიაკის დაკავების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ტრეფიკინგში ბრალდებული იულია სუსლიაკი პატიმრობიდან რამდენიმე დღის წინ გათავისუფლდა. საქმე განსახილველად უკრაინის პროკურატურას გადაეცა.იულია სუსლიაკის მიმართ პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით, სასამართლოს ბრალდების მხარემ მიმართა.
როგორც პროკურატურაში განმარტეს, ბრალდების მხარემ გამოძიების მიმდინარეობისას, საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში არაერთხელ მიმართა უკრაინის შესაბამის ორგანოებს, სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების გადმოგზავნის მოთხოვნით, თუმცა ქართულ მხარეს აღნიშნული მტკიცებულებები დღემდე არ მიუღია.
შეგახსენებთ, რომ ტრეფიკინგში ბრალდებულ იულია სუსლიაკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 27 აპრილს შეეფარდა. 11 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ იულია სუსლიაკი პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები