სემეკ-მა მიმდინარე კვირაში მოქალაქეებს 54 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში გამართულ საჯარო სხდომებზე მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებული დავები განიხილა.
სემეკ-ის ინფორმაციით, საკითხების უმეტესობა მოქალაქეთა სასარგებლოდ დაკმაყოფილდა და ჩამოწერილი თანხების ოდენობამ, ჯამურად, 54 887 ლარი შეადგინა.
მიმდინარე კვირაში სემეკ-მა 5 საჯარო სხდომა გამართა და დღის წესრიგებით გათვალისწინებული 99 საკითხი განიხილა. მოქალაქეთა საჩივრები ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების წინააღმდეგ უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებსა და ხანდაზმულ დავალიანებებს მოიცავდა.
საჯარო სხდომებზე განსახილველად საკითხები სემეკ-ის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტისა და ენერგოომბუდსმენის სამსახურის წარმომადგენლებმა წარადგინეს.
“კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ, იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკ-ს ან სემეკ-თან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ქოლცენტრში ნომერზე: 16 216, ისე სემეკ-ის Facebookგვერდზეც”, – ნათქვამია სემეკ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები