ნიკოლაიშვილი ვაზაგაშვილის საქმეზე: ევროპის სასამართლომ პირდაპირ თქვა, რომ ის რეჟიმი იქცეოდა უკანონოდ და უსამართლოდ

იურისტ გელა ნიკოლაიშვილის შეფასებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვაზაგაშვილის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით პირდაპირ თქვა, რომ წინა ხელისუფლების რეჟიმი უკანონოდ და უსამართლოდ იქცეოდა. ამის შესახებ ნიკოლაიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„რაც შეეხება ვაზაგაშვილის საქმეს, ესეც მოსალოდნელი იყო. იშვიათია, რომ ამხელა კომპენსაციას აკისრებდეს სასამართლო სახელმწიფოს, ერთი გირგვლიანის საქმეზე მახსოვს 50 ათასი ევრო და მეორე ეს შემთხვევაა. თორემ, ისედაც ყველამ ვიცოდით, ვაზაგაშვილის მიმარათ რა დანაშულიც ჩაიდინა სახელმწიფომ და ეს ევროპულმა სასამართლომ აღიარა. ევროპის სასამართლომ პირდაპირ თქვა, რომ ის რეჟიმი იქცეოდა უკანონოდ და უსამართლოდ”, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.
ცნობისთვის, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვაზაგაშვილის საქმეზე სახელმწიფოს 50 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.
2006 წლის 2 მაისს თბილისში, ყოფილი კორტების ტერიტორიაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი დაიღუპნენ. მაშინდელმა გამოძიებამ განაცხადა, რომ „სპეცოპერაციის დროს ყაჩაღური ჯგუფის წევრები“ დაიღუპნენ, რასაც საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა. კორტების საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. ვაზაგაშვილის ოჯახმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. სტრასბურგმა სარჩელი წარმოებაში 2007 წლის ბოლოს მიიღო.
2015 წელს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ე.წ. კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის საქმე გახსნილად გამოაცხადა და განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებებით 11 ყოფილი და მოქმედი პოლიციელი დააკავა. თბილისის საქალაქო სასამართლომ იმავე წელს ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძეს 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო თბილისის სპეცრაზმის ყოფილ უფროსს, კახა ნაკანს ბრალდება გადაუკვალიფიცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. ლევან ბეროძეს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, გრიგოლ კვინიკაძეს კი ოთხი წლითა და ექვსი თვით. 2017 წელს სააპელაციო სასამართლომ განაჩენი უცვლელი დატოვა.
2015 წლის დასაწყისში ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე ააფეთქეს. საქმეზე დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილი დააკავეს.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები