ჯიქურის მიმართ პროკურორი პატიმრობას, ადვოკატი კი 2000- ლარიან გირაოს ითხოვს – პროცესი ღუდუშაურის კლინიკაში

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის დაკავებულ ლევან ჯიქურის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების პროცესი ღუდუშაურის კლინიკაში მიმდინარეობს.
საქმის პროკურორის გიორგი მუკბანიანის განცხადებით, მათი მოთხოვნა სასამართლოს წინაშე არის ის რომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდოს.
„როგორც ამ ბრალდებულის, ისე სხვა ბრალდებულების მიმართ, რომლებიც დაკავებულები არიან სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც სხვა შემთხვევებში გაითვალისწინა სასამართლომ, ანუ არსებობდა ფაქტობრივი საფუძვლები, მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, საგამოძიებო მოქმედებების ოქმები, მთავარი მტკიცებულება – ვიდეო ჩანაწერი და ექსპერტიზის დასკვნა, საიდანაც დასტურდება, რომ ბრალდებული მონაწილეობას იღებდა ჯგუფურ მოქმედებებში, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა პოლიციის მუშაკისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. შესაბამისად, ჩვენი მოთხოვნა დღეს სასამართლოს წინაშე არის მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება. ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ახდენს გავლენას აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე. როგორც ჩემთვის ცნობილია, ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, რაიმე გართულებებს ადგილი არ აქვს. შესაბამისად, ჩვენი მოთხოვნა არის უცვლელი, ვითხოვთ პატიმრობას”, – განაცხადა მუკბანიანმა.
ლევან ჯიქურის ადვოკატი ალექსანდრე ზუბიაშვილი კი აცხადებს, რომ საქმეში ამ ეტაპზე საკმარისი მტკიცებულებები არ მოიპოვება იმისათვის, რომ დაცვის ქვეშ მყოფს შეუფარდონ წინასწარი პატიმრობა.
„როცა დააკავეს, მას აქციაზე მიყენებული დაზიანებები არ ჰქონდა. გამოიწვია ნერვიულობამ და ამის გამო მოხვდა აღნიშნულ კლინიკაში. დაცვის მხარე ვფიქრობთ, რომ საქმეში ამ ეტაპზე საკმარისი მტკიცებულებები არ მოიპოვება იმისათვის, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს შეუფარდონ წინასწარი პატიმრობა. შესაბამისად, მოვითხოვ გაუქმებული იქნეს აღნიშნული დაკავება და შესაბამისად, მოვითხოვთ გათავისუფლებას. ალტერნატივის სახით, მოვითხოვ გირაოს 2000 ლარის ოდენობით“, – განაცხადა ჯიქურის ადვოკატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები