გია გაჩეჩილაძე: „რუსთავი 2“ წარმოადგენს მეხუთე კოლონის შემადგენელ ნაწილს, რუსულ რბილ ძალას

0

„თუ რუსეთს ვინმეს დასჯა უნდა, მან კარგად იცის, რომ, დღევანდელი მდგომარეობით, „რუსთავი 2-ის“ მეპატრონეები რუსეთის მოქალაქეები რუსეთის ბიზნესში მყოფი ადამიანები არიან, ამიტომ, ბუნებრივია, რომ მას პირველი რეაქცია თავისი მოქალაქეების მიმართ უნდა ჰქონოდა, რომლებიც აკონტროლებენ რუსთავი 2-ს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია გაჩეჩილაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გაჩეჩილაძე ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას განცხადებასაც გამოეხმაურა. როგორც დეპუტატი აცხადებს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ წარმოადგენს მეხუთე კოლონის შემადგენელ ნაწილს, რუსულ რბილ ძალას, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ქვეყანაში არეულობის შემოტანას ცდილობს.
გია გაჩეჩილაძე ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებებსაც გამოეხმაურა.
„ივანიშვილი მოიქცა ქართველი კაცის პოზიციიდან გამომდინარე  იმიტომ, რომ იყო საშინელი შეურაცხყოფები, რომლებიც „რუსთავი 2-ის“ ეთერიდან რუსულ ენაზე გაისმა, მე ასეთი შეურაცხყოფა დიდი ხანია, არ მომისმენია, ამიტომ, ბუნებრივია, რომ როგორც ქართველმა კაცმა ამ შეურაცხყოფის წინააღმდეგ გარკვეული პოზიცია უნდა დააფიქსიროს. რაც შეეხება ლავროვის განცხადებას, ეგ სხვა თემაა უკვე. მისი მცდელობაა, როგორმე საქართველოს გადმოაბრალოს ისევ ეს პროცესები, რომლებიც დღეს საქართველოში მიმდინარეობს, დესტაბილიზაციის მცდელობა. საქართევლო ძალიან სერიოზულად წავიდა დასავლეთის მიმართულებით, ძალიან ინტენსიურად მიდის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი, ასევე, ნატო-სთან ურთიერთობა დიდი ინტენსივობით მიდის, საქართველოს ხელისუფლებას ძალიან მკვეთრად გამოხატული დასავლური ორიენტაცია აქვს, რაც, რა თქმა უნდა, რუსეთისათვის არის მიუღებელი, ამიტომ რუსეთი ცდილობს, დესტაბილიზაცია შექმნას. ეს ყველაფერი, რაც ქვეყანაში ხდება, რა თქმა უნდა, ამასთანაა დაკავშირებული.
რაც შეეხება უშუალოდ „რუსთავი 2-ის“ განცხადებასა და რუსეთის პოზიციას ამასთან დაკავშირებით – მინდა, საზოგადოებამ ერთ რამეს მიაქციოს ყურადღება: „ რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტმა განცხადება გააკეთა რუსულ ენაზე, უმძიმესი შეურაცხმყოფელი ტექსტებით  იმიტომ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავრცელებულიყო რუსულ მედიაში, აქედან გამომდინარე, უსწრაფესი რეაქცია ჰქონოდა რუსეთის ხელისფლებას. თუმცა, რუსეთის ხელისუფლების რეაქცია ცოტა უცნაური იყო ამასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ თქვენ ვერ დამისახელებთ ვერცერთ პრეცედენტს მსოფლიოში, რაც  უნდა დაპირისპირებული ქვეყნები იყვნენ, რომ რომელიღაცა ქვეყანა ეკონომიკურ სანქციებს უწესებდეს, ან ემუქრებოდეს ეკონომიკური სანქციებით მეორე ქვეყანას, ხალხს  იმიტომ, რომ ამ ქვეყნის, რომელიღაცა ოპოზიციური ტელევიზიის ჟურნალისტმა რაღაცა განცხადება გააკეთა. რა შუაშია აქ საქართველო და საქართველოს საზოგადოება? ვაჭრობის შეზღუდვა, ან რაღაც ამდაგვარი? ეს ხომ აბსურდია? თეთრი ძაფითაა ნაკერი და აშკარად მიუთითებს გარკვეულ შეთანხმებაზე – შეთქმულებაზე საქართველოს წინააღმდეგ. თუ რუსეთს ვინმეს დასჯა უნდა, მან კარგად იცის, რომ, დღევანდელი მდგომარეობით, „რუსთავი 2-ის “ მეპატრონეები არიან რუსეთის მოქალაქეები, რუსეთის ბიზნესში მყოფი ადამიანები, ამიტომ, ბუნებრივია, რომ მათ პირველი რეაქცია უნდა ჰქონოდათ თავისი მოქალაქეების მიმართ ,რომლებიც აკონტროლებენ „რუსთავი 2-ს“ . რა თქმა უნდა, ეს ვერ მოხდებოდა  იმიტომ, რომ „რუსთავი 2“ წარმოადგენს მეხუთე კოლონის შემადგენელ ნაწილს, რუსულ რბილ ძალას, რომელიც თავის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ცდილობს ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და არეულობის შემოტანას. ეს არის სახელმწიფოს მიმართ, მტრული ძალა“- განაცხადა გაჩეჩილაძემ.
ცნობისთვის, 10 დღის წინ, გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს, ვლდიმერ პუტინს პირდაპირ ეთერში აგინა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოს მიმართულებით ავიარეისებზე დაწესებული შეზღუდვა მაშინ მოიხსნება, როცა ქვეყანაში იქნება მიღებული ყველა ზომა “რუსების უსაფრთხოებისთვის”.
ამასთან, სერგეი ლავროვი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლება რაც შეიძლება მალე გააცნობიერებს რამდენად საშიშია ანტირუსული ისტერიის გაღვივება. მისივე თქმით, ხელისუფლებამ უნდა დაგმოს “რუსთავი 2-ის” წამყვანის “სამარცხვინო გამოხდომა”, რომელმაც “შეურაცხყოფა მიაყენა რუსეთის პრეზიდენტს და რამაც გამოიწვია ქართველი ხალხის აღშფოთება”.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა.
“მე არ მინახავს თვითონ [ლავროვის განცხადება]. რა თქმა უნდა, ის, რაც მოხდა „რუსთავი 2-ში“,   არის სირცხვილი. ეს არის ქვეყნის სირცხვილი – არა მარტო“ რუსთავი 2-ის“, ეს არის ქვეყნის სირცხვილი, სირცხვილი ჩვენი კულტურის, ესეთი ლანძღვა, რაც ჩვენ მოვისმინეთ თქვენი ტელევიზიიდან, რა თქმა უნდა, მთელი საზოგადოება ამას, როგორ არის ის სიტყვა, განსჯის და განსჯის საგანია, ეს იყო სირცხვილი ჩვენი კულტურის, ჩვენი ქართველობის, ჩვენი იდენტობის, რაც გააკეთა თქვენმა ტელევიზიამ, თქვენი ტელევიზიის დირექტორმაც და მისმა ჟურნალისტმაც. რა თქმა უნდა, ის ამას იმსახურებს…
მე ვგმობ, რა თქმა უნდა, გვარამიასა და გაბუნიას გამოსვლებს, დასაგმობია ყველა ქართველისგან, ეს იყო აბსოლუტურად არაქართული და არაკულტურული გამოსვლა, ეს იყო სირცხვილი, რაც მათ გააკეთეს”, – განაცხადა ივანიშვილმა.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი