ირაკლი ლექვინაძე: დღეს ბიზნესგარემოს მთავარი გამოწვევა რუსული ტურისტული ემბარგოს მოსალოდნელი შედეგებია

“დღეს ბიზნესგარემოს მთავარი გამოწვევა რუსული ტურისტული ემბარგოს მოსალოდნელი შედეგებია”, – ამის შესახებ ირაკლი ლექვინაძემ მედიასთან ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2019 წლის 6 თვის საქმიანობის სტატისტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა.
ირაკლი ლექვინაძემ რუსული ბაზრიდან მისაღები შემოსავლების შესაძლო შემცირებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ არსებულ ვითარებაში მნიშვნელოვანია ბაზრების კიდევ უფრო მეტი დივერსიფიკაცია.
„საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტამ და ტურისტული ნაკადების მკვეთრმა შემცირებამ შესაბამისი ასახვა უკვე მოახდინა ტურისტული ინდუსტრიასა და მასთან დაკავშირებულ დარგებზე. არსებულ ვითარებაში მნიშვნელოვანია ბაზრების კიდევ უფრო მეტი დივერსიფიკაცია, რის შესაძლებლობასაც დღეს მოქმედი საერთაშორისო თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები იძლევა”, – ამბობს ლექვინაძე.
ირაკლი ლექვინაძის თქმით, შექმნილმა მოლოდინებმა გავლენა მოახდინა ეროვნული ვალუტის კურსის ახალი წონასწორობის წერტილის ფორმირებაზე.
„აღნიშნული ფაქტორების გავლენით, დღევანდელი ბიზნესგარემოსთვის გამოწვევად რჩება კურსის მერყეობა, რადგან გავლენა მომხმარებლის მსყიდველობით უნარიანობაზე, კურსთაშორის სხვაობების დანაკარგები ბიზნესისთვის დამატებითი ხარჯია. ასეთ დროს მნიშვნელოვანია პოლიტიკური პროცესის ზეწოლის ნეიტრალიზაცია და ეროვნული ბანკის მხრიდან მაქსიმალური კოორდინაცია და კომუნიკაცია ბიზნესთან, რადგან ნეგატიური მოლოდინების წილი ვალუტის კურსის ფორმირების პროცესში მინიმალური იყოს”, – განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.
ბიზნესომბუდსმენის განმარტებით, აქტუალურ საკითხებად რჩება თამბაქოს ინდუსტრიაზე თამბაქოს კონტროლის შესახებ მიღებული ახალი რეგულაციების გავლენასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე, საბანკო რეგულაციების გავლენა სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ტექნიკის სექტორზე.
ამას გარდა, ბიზნესომბუდსმენი აპარატი მუშაობს რძის ნაწარმის დღგ-სგან გათავისუფლების შესახებ. ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნილია ბიზნესომბუდსმენის სამართლებრივი დასკვნა, რომლითაც ბიზნესომბუდსმენის ითხოვს საკანონმდებლო ცვლილებას, რათა სესხის გამცემ სუბიექტებს მიეცეთ შესაძლებლობა, დაიბრუნონ 2019 წლამდე ე.წ. ესტონური მოდელის ნორმების შესაბამისად, გადახდილი მოგების გადასახადი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები