სოფიო ქაცარავა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა

ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ გამართა შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან, ოგთაი ასადოვთან და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებთან.

მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის სტრატეგიულ ურთიერთობებში საკანონმდებლო ორგანოების და საპარლამენტო დიპლომატიის როლი.

სოფიო ქაცარავამ პარლამენტის თავმჯდომარესთან განიხილა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი საპარლამენტო ფორმატის საქმიანობა, მისი მნიშვნელობა და ფორმატის სამომავლო მიზნები.

საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ კონფლიქტებს და მათი გადაჭრის გზებს. ოგთაი ასადოვმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა და მაღალი შეფასება მისცა ფორმატის მუშაობას. მანვე გამოთქვა სურვილი, რომ აღნიშნული ფორმატი კიდევ უფრო გააქტიურდეს და გაფართოვდეს, რაც ხელს შეუწყობს სამი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების პარტნიორობის უფრო მეტად გაძლიერებას და ახალი მიზნების მიღწევას.

“გვქონდა საინტერესო შეხვედრა მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან, სადაც ყურადღება გავამახვილეთ საპარლამენტო კავშირების გაძლიერებაზე და სამმხრივი საპარლამენტო ფორმატის მნიშნელობაზე. სამივე მხარე ვთანხმდებით, რომ ეს ფორმატი არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ საპარლამენტო განზომილებაში განვიხილოთ ყველა ჩვენთვის აქტუალური საკითხი და ერთიანი მიდგომით ხელი შევუწყოთ რეგიონის განვითარებასა და სტაბილურობას” – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაცია ასევე შეხვდა მილი მეჯლისის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს და განიხილა ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული მიმართულებები, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოების კავშირების გაძლიერება მეგობრობის ჯგუფების თანამშრომლობის გზით.

შეხვედრებში მონაწილეობას იღებდა აზერბაიჯანთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის და აზერბაიჯანთან მეგობრობის ჯგუფის წევრი – რამაზ ნიკოლაიშვილი და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი – ზურაბ პატარიძე.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები