ტექნოპარკში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ბიზნეს-აქსელერატორ “სპარკის” ორგანიზებით, Hardware Hackathon ჩატარდა

0

ტექნოპარკში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ბიზნეს-აქსელერატორ “სპარკის” ორგანიზებით, Hardware Hackathon ჩატარდა.
ღონისძიებაში მონაწილეობა ათმა გუნდმა მიიღო. ჰაკათონის პირველ დღეს მათ მიიღეს გამოწვევები, აირჩიეს მათგან ერთი-ერთი და დაიწყეს მუშაობა. გუნდებს 48 საათი ჰქონდათ პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული იდეების მოსაფიქრებლად და ამ იდეებზე დაფუძნებული პროტოტიპების შესაქმნელად.
ჰაკათონის მთავარი გამოწვევები უკავშირდებოდა Smart City ე.წ ჭკვიანი ქალაქის კონცეფციის განვითარებასა და ქალაქში სხვადასხვა ეკოლოგიური პრობლემის ინოვაციურად გადაწყვეტას.
პირველ ადგილზე გავიდა გუნდი ,,ბაკურიანის ბოთლი’’, რომელმაც წარმოადგინა ჭკვიანი ურნის პროექტი, რომლის ძირითადი მიზანია, დროულად დაიცალოს სავსე ურნა ან არ მოცდეს ნაგვის მანქანა და პერსონალი ცარიელი ურნის შემოწმებაზე. მათ ნაგვის ურნაში ჩაამონტაჯეს მიკროპროცესორული პლატფორმა და სენსორები, რომელიც მობილური ინტერნეტის საშუალებით ურნის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას გადასცემს ცენტრალურ სერვერს. ამ ინფორმაციის საფუძველზე სათანადო სამსახურს შეეძლება ოპტიმალური მარშრუტების განსაზღვრა.
მეორე ადგილზე გასულმა გუნდმა SBM წარმოადგინა პროექტი, რომელიც ითვლის მგზავრების რაოდენობას სამარშრუტო ავტობუსებში. მოწყობილობა წარმოადგენს Raspberry Pi 3 მიკროკომპიუტერს, რომელზეც მიერთებულია კამერა. პროგრამული კოდი დაიწერა პითონის ბაზაზე და გამოყებულ იქნა სახის ამოცნობის ბიბლიოთეკა.
მესამე ადგილზე გასული გუნდის – Unknown-ის პროექტი მიმართულია ქალაქში პარკირების სისტემის მოწესრიგებისკენ. ძირითადი აქცენტი გაკეთდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონდე პირებისთვის გამოყოფილი პარკირების ადგილების დაცვაზე. მოწყობილობა წარმოადგენს მიკროპროცესორულ პლატფორმას, რომელიც აფიქსირებს საპარკინგე ადგილებზე ავტომობილების არსებობას და უზრუნველყოფს მის იდენტიფიკაციას.
ჰაკათონის ფარგლებში გუნდებს წვდომა ჰქონდათ ტექნოპარკის ფაბლაბის თანამედროვე დაზგა-დანადგარებზე, როგორებიცაა 3D პრინტერი, ლაზერული მჭრელი, CNC პროგრამირებადი ჩარხი და აშ. მონაწილეები პარტნიორმა ორგანიზაციამ – DAC მოამარაგა ყველა საჭირო ელექტრონული მოწყობილობით.
იდეებზე მუშობის პროცესში მონაწილეებთან მუშაობდნენ ტექნოპარკის ფაბლაბისა და კომპანია ,,აზრის’’ მენტორთა ტექნიკური ჯგუფი, რომლებმაც გუნდებს გაუზიარეს გამოცდილება და დაეხმარნენ იდეის სწორი მიმართულებით განვითარებაში.
მარათონის დასკვნით ეტაპზე, თითოეულმა გუნდმა წარადგინა საკუთარი პროექტი ჟიურის წინაშე, რის შემდეგაც გამოვლინდნენ გამარჯვებულები.
კომპანია DAC-მა გამარჯვებულ გუნდებს მათი ელექტრონიკის მაღაზიის საპრიზო ვაუჩერები გადასცა, ხოლო კომპანია ,,აზრი’’-სა და კომპანია ,,ზეგ’’-ის რჩეული გუნდი ელექტრო სკუტერით დასაჩუქრდა.
გამარჯვებულ გუნდებს ექნებათ შესაძლებლობა გამოიყენონ ტექნოპარკის ფაბლაბში არსებული თანამედროვე დანადგარები და მიიღონ ტექნიკური ჯგუფის დახმარება. ბიზნეს-აქსელერატორი ,,სპარკი’’ კი მათ ბიზნეს მოდელის დახვეწასა და განვითარებაში დაეხმარება.

კომენტარები

კომენტარი