ირაკლი ღარიბაშვილი: დაველოდოთ ნატოს სამიტის შედეგებს, მანამდე აქტიური საგარეო პოლიტიკა ვაწარმოოთ

  პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საქართველოსთვის მაპის მინიჭების საკითხი უელსის სამიტის თემა არ იქნება. პრემიერს უელსის სამიტამდე მაპის თაობაზე წინასწარი პროგნოზების გაკეთება მიზანშეწონილად არ მიაჩნია. პრემიერ-მინისტრის აზრით, საქართველოს პროგრესი ადეკვატურად იქნება ასახული და ამაზე არავინ დავობს. “საბოლოო შედეგი თუ რა იქნება, ამას უნდა დაველოდოთ სექტემბრის თვეში, როცა გაიმართება ნატოს სამიტი.
ამის ზედმეტად დრამატიზება არ არის საჭირო”, – დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, უმჯობესია აქტიური საგარეო პოლიტიკა ვაწარმოოთ და ყველაფერი ცნობილი მოგვიანებით გახდება. “რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა საუბარი კანცლერთან და არა მხოლოდ მასთან, ჩვენ ამ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ყველასთან და აქტიურ საგარეო პოლიტიკას ვაწარმოებთ. მე მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო მოსახლეობისთვის, რომ ის ყალბი მოლოდინი, რომელიც გაუჩინა წინა ხელისუფლებამ (მე, სამწუხაროდ, კიდევ უნდა ვახსენო წინა ხელისუფლება, ეს მათი, ასევ ვთქვათ დანატოვარი და მემკვიდრეობაა), რომ 2008 წელს რაღაც სასწაული უნდა მომხდარიყო საქართველოში, მაპი უნდა მიგვეღო, ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა და იმ გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგი, რომელიც ჩვენ ვნახეთ, როგორც დასრულდა. ჩვენ მაპი ვერ მივიღეთ და ძალიან დიდი იმედგაცრუება მოხდა. ხელოვნურად ხდებოდა ამ თემის აწევა. ჩვენ აბსოლუტურად შევცვალეთ პოლიტიკა და ვთქვით, რომ წინასწარ არ ვსაუბრობთ შედეგებზე. ჩვენ გვირჩევნია, რომ დაველოდოთ, მანამდე აქტიური საგარეო პოლიტიკა ვაწარმოოთ და ყველაფერი მოგვიანებით გახდება ცნობილი. უელსის სამიტი გამართება სექტემბრის თვეში.
სამიტამდე მე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, რომ მთავრობის მეთაურმა უნდა გააკეთოს წინასწარი პროგნოზები და შედეგები და მოლოდინები გაუჩინოს მოსახლეობას. ეს არასწორი პოლიტიკაა. არ შეიძლება, როდესაც მოსახლეობას წინასწარ ძაბავენ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები