ანრი ოხანაშვილი: რუსეთის მიერ ისტორიის ინტერპრეტაცია სრულიად მიუღებელია

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ისტორიის მათეული ინტერპრეტაცია სრულიად მიუღებელია. მისივე აზრით, ისეთ განცხადებებს, როგორიც ვლადიმერ პუტინმა გააკეთა, საქართველოს მხრიდან სათანადო პასუხი უნდა გაეცეს.

„ისტორიის გაყალბება არის კონკრეტული უპასუხისმგებლო პირების მხრიდან გაცხადებული პოზიციები. რუსეთის ფედერაცია უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, მან განახორციელა ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტის ოკუპაცია. მათ არათუ ისტორია არ იციან, არადიპლომატიურ, არაადეკვატურ განცხადებებსაც ავრცელებენ. საქართველოს საზღვრები არის საყოველთაოდ აღიარებული და ეს საკითხი ჩვენთვის რამე დამატებითი პრობლემა არ არის, იმ თვალსაზრისით, რომ რუსეთის პრეზიდენტის განცხადება ჩვენთვის ქმნიდეს პრობლემას, საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებით. უნდა ვიყოთ ყველანი ფხიზლად და ვამხილოთ ისინი, ვინც ისტორიის გაყალბებას ეცდება, რათა კიდევ ერთხელ მკაცრად დავგმოთ და სათანადო პასუხი ჰქონდეს ჩვენი მხრიდან ასეთ განცხადებებს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ: რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ „1918 წელს საქართველომ გერმანიის ჯარების დახმარებით მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია, 1919-1920 წლებში კი უფრო სასტიკად იქცეოდა ოსეთში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები