ილია მეორე: თავისი თავიდან უნდა დაიწყოს ადამიანმა გამოსწორება
“მინდა, გირჩიოთ ყველას – გიყვარდეთ ერთმანეთი, ოჯახი, მეუღლე, შვილები. ეს დიდი მადლი და ძალაა”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების ტაძარში პეტრე-პავლობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვის შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა.
“ყოველი ადამიანი გარკვეული მისიით მოდის ამ ქვეყნად. მაქვს წაკითხული ერთი ოჯახის ისტორია: მეუღლე ეხვეწება ქმარს, რომ მინდა უფრო ახლოს ვიყო შენთან; მინდა, შენი ერთგული ვიყო და დამიწერე, რა ნაკლი მახლავს მე, რა ნაკლი მაქვსო. მთელი ღამით ქმარი ფიქრობდა რა დავწეროო და მთელ ღამეს ვერ დაიძინა. დილას ეუბნება, ვერაფერი გამოვნახე შენში ნაკლი, მიყვარხარ ისეთი, როგორიც ხარო. მინდა, გირჩიოთ ყველას – გიყვარდეთ ერთმანეთი, ოჯახი, მეუღლე, შვილები. ეს დიდი მადლი და ძალაა. არიან ადამიანები, რომლებიც ეძებენ ნაკლს სხვა ადამიანში. სინამდვილეში თავის თავში უნდა ნახონ ნაკლი და თავისი თავიდან უნდა დაიწყოს ადამიანმა გამოსწორება”, – ბრძანა პატრიარქმა.