მაია ცქიტიშვილი: მისასალმებელია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სატრასტო ფონდის შეხვედრა საქართველოში, ბათუმში, პირველად ჩატარდა

„მისასალმებელია ის ფაქტი, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სატრასტო ფონდის შეხვედრა ლუქსემბურგის ნაცვლად საქართველოში, ბათუმში, პირველად ჩატარდა, – ამის შესახებ საქართველოს ვიცეპრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა, ბათუმში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სატრასტო ფონდის შეხვედრაზე განაცხადა.

მაია ცქიტიშვილმა ევროპის საინვესტიციო ბანკის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ტექნიკური დახმარების სატრასტო ფონდის (EPTATF) კომიტეტის წევრებს სიტყვით მიმართა.

,,გვქონდა საშუალება უშუალოდ იმ ქვეყნების წარმომადგენლებისთვის მიგვემართა, რომლებიც შენატანებს აკეთებენ ფონდში. მნიშვნელოვანი იყო მათთვისაც ჩვენგან გაეგოთ ჩვენი პრიორიტეტების შესახებ და მოესმინათ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია იმ ტექნიკური დახმარების მიღება, რომლებსაც ეს ქვეყნები საქართველოსთვის უზრუნველყოფენ“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა კომიტეტის წევრებს სხდომის საქართველოში გამართვის ინიციატივისთვის და ასეთი შეხვედრების ტრადიციად ქცევის სურვილი გამოთქვა, ვინაიდან ქვეყნის ახლოს გაცნობით უფრო ნათელი ხდება, თუ როგორ შეიძლება მისი მხარდაჭერა. მან ასევე მადლობა გადაუხადა სატრასტო ფონდის ყველა წევრ ქვეყანას ფონდში კონტრიბუციისთვის, ისაუბრა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებასა და ქვეყნის განვითარებისათვის ევროსაბჭოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკის დახმარების მნიშვნელობაზე.

კომიტეტის წევრებს სიტყვით მიმართა ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმაც.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ტექნიკური დახმარების სატრასტო ფონდის (EPTATF) კომიტეტმა განიხილა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეგიონში რამდენიმე ახალ ტექნიკური დახმარების პროექტი და იმსჯელა სატრასტო ფონდის სამომავლო სტრატეგიული პრიორიტეტების შესახებ.

კომიტეტის სხდომა სატრასტო ფონდის წევრებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავის აღსანიშნავად, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში მოიწვიეს. ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში – სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელორუსიაში, საქართველოში, მოლდოვას რესპუბლიკასა და უკრაინაში – აფინანსებს მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ, კერძო სექტორის განვითარებასა და კლიმატის ცვლილებებზე ორიენტირებულ პროექტებს.

ამავე დღეს მაია ცქიტიშვილმა საქმიანი შეხვედრა გამართა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ვაზილ ჰუდაკთან და მის გუნდთან. შეხვედრაზე განიხილეს ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები და ის ახალი შესაძლებლობები, რომელთა დაფინანსება იქნება შესაძლებელი მომავალში. შეხვედრას ესწრებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები ირაკლი ქარსელაძე, მზია გიორგობიანი და გრიგოლ კაცია.

„მქონდა ძალიან კარგი შეხვედრა ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილთან. ვისაუბრეთ ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ მხარდაჭერილ და დაფინანსებულ პროექტებზე, რომლებიც ძირითადად აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის განვითარებაზეა ფოკუსირებული. განვიხილეთ როგორც მშენებლობის, ისე დაფინანსების დაჩქარების საკითხებიც. შევეხეთ მუნიციპალური განვითარების, წყალმომარაგების, მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებისა და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის საკითხებსაც“, – აღნიშნა ვაზილ ჰუდაკმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები