„თვითმმართველობის არჩევნები საპრეზიდენტო არჩევნებზე უკეთესი იქნება“
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უკეთესი იყოს, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნები.
“აბსოლუტურად გავაუმჯობესეთ საარჩევნო გარემო. იგივე საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩვენო გარემო იყო აბსოლუტურად ღია, გამჭვირვალე, რომელმაც დაიმსახურა ძალიან მაღალი შეფასებები საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ იგივე პირობებში და კიდევ უფრო უკეთეს პირობებში ჩავატაროთ ადგილობრივი არჩევნები”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ისაუბრა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაზეც. მისი თქმით, ამ მიმართულებით რევოლუციური კოდექსი შეიქმნა.
“მე დღეს, მესმის ბევრი საუბარი, რომ მთავრობამ არაფერი შეცვალა და დატოვა იგივე, რაც შეიმუშავა “ნაციონალურმა მოძრაობამ”. მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ პირველად თანამედროვე საქართველოს ისტორიაში 12 ქალაქის მერი და 60-მდე გამგებელი იქნება პირდაპირი წესით არჩეული საქართველოს მოსახლეობის მიერ. ეს არის ძალიან წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც ევროკავშირის ბევრმა ქვეყანამ ვერ შეძლო. ბევრ ქვეყანაში ჯერ კიდევ არ ირჩევენ პირდაპირი წესით მერებს და გამგებლებს”, – აღნიშნა პრემიერმა.