გიორგი გახარია: პოლიციელებს გასტაცეს 300-ზე მეტი ფარი, 30 პოლიციელი გაიტაცეს მასაში, თუმცა, ჩემი ბრძანებით, ორსააათ-ნახევარი პოლიციას სპეცსაშუალებები არ გამოუყენებია

აქციაზე 22:00 საათიდან დაახლოებით ორსააათ-ნახევარი, ჩემი კონკრეტული ბრძანებით, არც ერთ პოლიციელს არანაირი სპეციალური საშუალება არ გამოუყენებია, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, პოლიცია მას შემდეგ გახდა იძულებული, სპეციალური საშუალებები გამოეყენებინა, რაც თავის დაცვას ვეღარ ახერხებდა.

„როგორც კი ორგანიზებული შეტევა მიიტანეს, რამდენიმე ფლანგიდან მიიტანეს პარლამენტის შენობაზე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კონკრეტული პოლიტიკოსების მოწოდების საფუძველზე, შესაბამისად ეს აქცია გახდა ძალადობრივი. მე არ ვამბობ, რომ ყველა მონაწილე ამ ძალადობაში იღებდა მონაწილეობას. ამ აქციაზე 22:00 საათიდან დაახლოებით ორსააათ-ნახევარი, ჩემი კონკრეტული ბრძანებით, არც ერთ პოლიციელს არანაირი სპეციალური საშუალება არ გამოუყენებია ერთადერთი მიზეზით. მათ ჰქონდათ კონკრეტული ბრძანება. მხოლოდ და მხოლოდ ჯაჭვით, ცოცხალი ჯაჭვით დაეცვათ პარლამენტის შენობა და ამ ხალხის ჯანმრთელობა. რა მოხდა ამ ორსაათ-ნახევრის განმავლობაში?! პოლიტიკოსებისა და სისტემური ორგანიზებული ჯგუფის შეტევის შედეგად, პოლიციელებს გასტაცეს 300-ზე მეტი ფარი. 30 პოლიციელი გაიტაცეს ამ მასაში ორგანიზებულად. მე ხომ არ ვიგონებ. ამას ხომ ყველა ხედავდა. არც ერთი ნაბიჯი პოლიციას პარლამენტის პერიმეტრის მიღმა არ გაუკეთებია. ორსაათ-ნახევარი მას შემდეგ, რაც დაიწყო ძალადობრივი შეტევა პარლამენტზე, როდესაც პოლიციისთვის გახდა შეუძლებელი ფიზიკურად თავის დაცვა, როდესაც პოლიცია უკვე ვეღარ ახერხებდა, რადგან უკვე ფარები აღარ ჰქონდათ, 300-ზე მეტი ფარი არის გატაცებული და გამოძიება ყველაფერს ამას დაადგენს. ამის შემდგომ პოლიცია გახდა იძულებული, გამოეყენებინა ის სპეციალური საშუალებები, რომლებიც აბსოლუტურად კანონიერად ჰქონდა აღჭურვილობაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები