არჩილ თალაკვაძე გერმანიის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

0

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გერმანიის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, მიხაელ როტს შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელიც ბათუში, საერთაშორისო კონფერენციის – „საქართველოს ევროპული გზა” ფარგლებში გაიმართა, ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობასა და იმ ნაბიჯებზე ისაუბრეს, რომელიც საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესის ხელშესაწყობად უნდა გადაიდგას.

საუბარი შეეხო ჩვენს ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს, ასევე, მათ მნიშვნელობას საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარებისთვის.

აღინიშნა, რომ გამოწვევების მიუხედავად, საქართველო სტაბილურობას და მიმზიდველ ბიზნეს-გარემოს ინარჩუნებს.

არჩილ თალაკვაძემ ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით, ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ხაზი გაესვა ახალგაზრდა თაობისთვის დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნის მნიშვნელობას.

არჩილ თალაკვაძემ და მიხაელ როტმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრეს.

გერმანიის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია კატეგორიულად ეწინააღმდეგება საოკუპაციო გამყოფი ხაზებისა და ბარიერების არსებობას და სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

მისივე შეფასებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, საქართველო სამაგალითო ქვეყანაა და გერმანიის მთავრობა ჩვენი ქვეყნის ფინანსურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას გააგრძელებს.​

კომენტარები

კომენტარი