გიორგი კაპანაძე მცხეთის გენგეგმაზე: ვიმედოვნებ, მალე გვექნება სრულყოფილი და არა ცალმხრივ ინტერესებზე დამყარებული დოკუმენტი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი კაპანაძე  ამხანაგობა „აქოლისის“ დირექტორის, აკაკი ზერეკიძის ინტერვიუს გადაცემაში „საქმიან დილა“ ეხმაურება.
ის, ასევე, მცხეთის გენგეგმის მნიშვნელობაზე საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ პროექტი ამხანაგობა „აქოლისთან“ ერთად ხორციელდება.
“როგორც თქვენთვის ცნობილია, აქტიურად მიმდინარეობს მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავება. მუნიციპალური განვითარების ფონდის პატრონაჟით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ჩართულობით პროცესების მართვაზე მეთვალყურეობა აიღო ცენტრალურმა ხელისუფლებამ. გენერალური გეგმის შემუშავებას ამხანაგობა „აქოლისი“ აწარმოებს, რომლის შემადგენლობაში შედის 11 კომპანია. ჩვენი მხრიდან აქტიური ჩართულობითა და მონაწილეობით ვითვალისწინებთ ყველა იმ მნიშვნელოვან დეტალს, რომელიც ხელს შეუწყობს ქალაქის განვითარებასა და რა თქმა უნდა, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დაკმაყოფილებას. სწორედ ამიტომ, მცხეთის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა კონფერენცია, სადაც მე და მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბატონმა დიმიტრი ხუნდაძემ წარვადგინეთ ქალაქის განვითარების ჩვენეული გეგმა და ხედვა. მიზანი ერთი გვაქვს: რაც შეიძლება მალე ერთობლივად მივიღოთ ქალაქის მდგრადი განვითარება“, – განაცხადა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა.
გიორგი კაპანაძე ასევე ამბობს, რომ აკაკი ზერეკიძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას – თუ როგორ შეიძლება ქალაქის განვითარება – თავი აარიდა. მისივე თქმით, სტამბულში გამართულ კონფერენციაზე ქალაქ მცხეთის შესახებ საუბარი არ ყოფილა.
“მინდა გამოვეხმაურო ამხანაგობა „აქოლისის“ დირექტორს ბატონ აკაკი ზერეკიძეს. ყურადღებით მოვუსმინე მის გუშინდელ გამოსვლას გადაცემაში „საქმიანი დილა“ გენერალური გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით. საჯარო ჩართულობა არამც თუ დიდ დროს მოიცავს, არამედ აუცილებელია დოკუმენტის შემუშავების დროს, რადგან სწორედ მსგავსი ტიპის შეხვედრები და მსჯელობა მიგვიყვანს სწორ გადაწყვეტილებამდე. სამწუხაროდ, რიგ შემთხვევაში საერთო ინტერესების დაცვა ვერ ხერხდება. ბატონმა აკაკიმ პირდაპირ ეთერში დასმულ კითხვას, თუ როგორ შეიძლება ქალაქის, როგორც ცოცხალი ორგანიზმის განვითარება, მოსახლეობის დაკმაყოფილება და მათი ინტერესების დაცვა, – პასუხს თავი აარიდა. ნამდვილად ვეთანხმები, რომ ქალაქი მცხეთა ქვეყნის ყველაზე დიდი კულტურული მონაპოვარია, მსოფლიო დონის მნიშვნელობა გასათვალისწინებელი, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ქალაქისა და მოსახლეობის ინტერესები.
აქვე მინდა დავამატო, როდესაც ბატონმა აკაკიმ აღნიშნა ბაქოში ვიზიტის მნიშვნელობა, სამწუხაროდ ჩვენი ქალაქი მცხეთა კონფერენციაზე ნახსენებიც კი არ იყო.
იმედს ვიტოვებ, რომ სულ მალე ჩვენს ხელთ იქნება სრულყოფილი დოკუმენტი და არა პიარზე დაფუძნებული აუდიო თუ ვიდეო მასალაზე დაყრდნობილი, ცალმხრივი ინტერესის მატარებელი დოკუმენტი”, -განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები