ნათია თურნავა: დღეს ევროკავშირი წარმოადგენს ჩვენს უდიდეს სავაჭრო პარტნიორს, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს, ვიყოთ მეტად დივერსიფიცირებულები

„აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ფორმატში დღეს ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას ვმასპინძლობთ, რომლის ფარგლებშიც საუბარი მიმდინარეობს საერთო ინვესტიციებზე, ეკონომიკურ განვითარებასა და საერთო პროექტებზე”, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ბათუმში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, დღეს საქართველოს ეკონომიკა სულ სხვაა, ვიდრე ის ხუთი წლის წინ იყო, როცა ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს.
ნათია თურნავას თქმით, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, პირველ ყოვლისა, ამ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული ინვესტიციებისა და ჩატარებული რეფორმების წყალობით.
„საკმარისია ითქვას, რომ დღეს ევროკავშირი წარმოადგენს ჩვენს უდიდეს სავაჭრო პარტნიორს, რომელიც ყველაზე სწრაფად იზრდება, შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ვიყოთ მეტად დივერსიფიცირებულები. ასევე, თუ ავიღებთ ჯამურ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ევროპიდან, რაც ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში განხორციელდა, მათი თითქმის ნახევარი ბოლო ხუთ წელიწადში განხორციელდა, ანუ მას შემდეგ, რაც ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები იქნა გაფორმებული. აქედან გამომდინარე, არასწორია იმის თქმა, რომ ჩვენ ამ მიმართულებით რაიმეს ვაკლებთ, პირიქით – ყველაზე სწრაფად იზრდება ჩვენი ვაჭრობა ევროკავშირთან, ეს ბაზარი წარმოადგენს მესამედზე მეტს ჩვენს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
მინისტრმა, ასევე, აქცენტი გააკეთა, რომ ფორუმის ფარგლებში საუბარი შეეხება არა მხოლოდ ვაჭრობასა და ინვესტიციებს, არამედ – ევროკავშირთან უფრო მაღალი ხარისხის ჩართულობასა და ინტეგრაციას.
მისი ინფორმაციით, ეს, პირველ ყოვლისა, ეხება საქართველოს კანონმდებლობას, რომელიც სრულ თანხვედრაში უნდა მოვიდეს ევროკავშირთან, ასევე, ენერგეტიკის სექტორში ახალ რეფორმებს – ევროპული ტიპის მწვანე ენერგეტიკასა და ეკონომიკაზე გადასვლასა და ხარისხის ახალ სისტემებსა და უსაფრთხოების ახალ სტანდარტებს, რომელთა დანერგვის პროცესიც მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები