“ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ის ეტაპი, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო რეფორმების გატარების დროს საჯარო და კერძო დიალოგის ფორმატში ახორციელებს”

„ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ის ეტაპი, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო რეფორმების გატარების დროს  საჯარო და კერძო დიალოგის ფორმატში ახორციელებს“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა საქართველოში საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის 2014-2019 წლების შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი განმარტებით, ეს ეტაპები წარმოადგენს – შესაბამისი რეგულაციის ზეგავლენის დოკუმენტის მომზადებას, უშუალოდ კანონპროექტის მომზადებას, მის განხილვას საჯარო სექტორთან, საკანონმდებლო ორგანოში მუშაობასა და, საბოლოოდ, აღნიშნული რეფორმის იმპლემენტაციას.
„ფინანსთა სამინისტროს მიერ საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი კანონპროექტები  სწორედ ამ სტანდარტით არის შეფასებული. მნიშვნელოვანია ის, რომ აღნიშნული პროცედურები გარანტირებულად გვაძლევს იმის განსაზღვრის შესაძლებლობას, რომ ესა თუ ის რეფორმა იქნება წარმატებული“, – აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი 4 წლის განმავლობაში აფასებდა იმას, თუ რამდენად უზრუნველყოფილი იყო კერძო სექტორის ჩართულობა კანონშემოქმედებით პროცესში. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კანონი „საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (ე.წ. ესტონური მოდელი) იყო ერთ-ერთი საუკეთესო ამ თვალსაზრისით. სამინისტრომ თავისი კეთილი ნებით, მოახდინა კერძო სექტორის ჩართულობის უზრუნველყოფა კანონშემოქმედებით პროცესში და ვფიქრობთ, კარგი იქნება, თუ სხვა უწყებებიც გაიზიარებენ ამ მაგალითს“, – აღნიშნა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა.
დღეს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ლაშა ხუციშვილი საქართველოში საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის 2014-2019 წლების შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო. ღონისძიებაზე ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონი „საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (ე.წ. ესტონური მოდელი) დასახელდა იმ კანონპროექტებს შორის, რომელთა მომზადების პროცესში ყველაზე მაღალი ხარისხით იყო უზრუნველყოფილი კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგი.

საგრანტო პროექტი „საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის კონტროლი საქართველოში“, რომელიც ხორციელდება IDFI-ის მიერ USAID-ის „მმართველობა განვითარებისთვის საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით, მიზნად ისახავს შეაფასოს ჩართულობის ხარისხი მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზეგავლენის მქონე კანონპროექტების მომზადების პროცესში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები