ირაკლი ლექვინაძე ნიკა გვარამიას: მსგავსი ფორმით, ნებისმიერი ბიზნესის მისამართით გამოთქმული ასეთი შეფასებები აბსოლუტურად მიუღებელია

“ნებისმიერი ბიზნესის მისამართით მსგავსი ფორმით გამოთქმული ასეთი შეფასებები აბსოლუტურად მიუღებელია. ბიზნესმენები არიან ადამიანები, რომლებიც მუშაობენ, ქმნიან ეკონომიკურ დოვლათს, ასაქმებენ ადამიანებს”, – ასე შეაფასა ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ ტელეკომპანია “რუსთავი2-ის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადება, რომელიც მან გადაცემა “კვირის აქცენტების” ეთერში გააკეთა.

“მსგავსი ტიპის შეფასებები ბიზნეს-სექტორისთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ბიზნესი თვითონ წყვეტს, თუ რომელ ბაზარზე გააკეთოს ორიენტირება, არ ეშლება სად წავიდეს და როგორ, სად აიღოს რისკი და ის, რომ რისკზე თავად იყოს პასუხისმგებელი. ასეთი შეფასებები არც ჟურნალისტიკაა და არც პატრიოტიზმი. ბიზნესი ძალიან პრაგმატულია და ზუსტად იცის სად, როდის და რა გააკეთოს. ასე რომ, მივცეთ შესაძლებლობა, იყოს თავისუფალი საკუთარ არჩევანში. ბიზნესი პასუხს აგებს საკუთარ დანაკარგებზეც, საკუთარ შედეგებზეც, – ჩვენთვის მთავარია, რომ ბიზნესს ჰქონდეს განვითარების შესაძლებლობა ყველა მიმართულებით და ქმნიდეს ეკონომიკურ დოვლათს. ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება შეაფასოს ამა თუ იმ კომპანიის თუ უწყების ქმედება, თუმცა შეფასებასაც აქვს თავის ფორმები. ის, რაც ჩვენ გუშინ ეთერში ვნახეთ ეს აბსოლუტურად მიუღებელია”,- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
როგორც ბიზნესომბუდსმენმა აღნიშნა, ნებისმიერი ქვეყნის ბაზარი, სადაც ქართულ პროდუქტზე, სერვისებზე მოთხოვნაა და საიდანაც შემოსავალს ვიღებთ – მნიშვნელოვანია.
“ნებისმიერი ქვეყნის ბაზარი, სადაც ქართულ პროდუქციაზე, სერვისებზე მოთხოვნაა – ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა ბაზარს თავის პოლიტიკური რისკები გააჩნია, რომელსაც, ბუნებრივია, როცა იწყება ურთიერთობა ამ მიმართულებით, იაზრებ და აფასებ. ამიტომ, კიდევ უფრო გამწვავება და დაძაბულობის შეტანა გადაწყვეტილებებში არის მიუღებელი მაშინ, როდესაც ჩვენ ყველა ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად პრაგმატულად და დაბალანსებულად შევინარჩუნოთ ის შესაძლებლობები, რომელიც გაგვაჩნია ყველა მიმართულებით, ყველა ბაზართან”,- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
ბიზნესომბუდსმენი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება შეზღუდვასთან დაკავშირებით გადაულახავი პრობლემა არ არის, თუმცა ქვეყნის ეკონომიკაზე , მოკლევადიან პერიოდში მას გარკვეული მოკლევადიანი ნაგატიური ეფექტები ექნება. მისი თქმით, დაბალანსებული ურთიერთობები ყველასთან არის ის, რაც ქვეყანას სტაბილური განვითარებისთვის სჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები