ლევან დავითაშვილი: უპასუხისმგებლო განცხადებები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების მიზეზი ხდება

უპასუხისმგებლო განცხადებები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების მიზეზი ხდება, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
“ბოლო დღეებში ჩვენ ნათლად დავინახეთ, რომ ნაციონალური მოძრაობის დღის წესრიგში ერთადერთი რამ დგას – ქვეყანას შეექმნას პრობლემები, დამძიმდეს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა. ნაციონალური მოძრაობის უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგად, ჩვენ უკვე მივიღეთ პრობლემები ტურიზმის სექტორში, საფრთხის წინაშე დადგა აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი. ჩვენი ქვეყანა ნახევარ მილიარდ ლარზე მეტ შემოსავალს რუსეთის ფედერაციაში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის გზით იღებს.
2006-დან 2012 წლამდე, როდესაც ჩვენთვის დაწესებული იყო ემბარგო, რუსეთიდან საქართველოში მილიარდ დოლარზე მეტი პროდუქციის იმპორტი ხორციელდებოდა, ხოლო ჩვენი ქვეყანა არანაირ შემოსავალს არ იღებდა. ჩვენ შევძელით დადებითი სავაჭრო ბალანსის შექმნა. სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები პრაგმატული პოლიტიკის ნაწილია და ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ ჩვენ არ ვკვეთთ წითელი ხაზებს, არასოდეს საკითხი არ დამდგარა ამგვარად – ტერიტორიული მთლიანობა თუ სავაჭრო ურთიერთობები. მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა ასევე ნაციონალური მოძრაობის დღის წესრიგის ნაწილია. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ სრულიად ნათელია მათი სურვილი – უპასუხისმგებლო ქცევებით დააზიანონ სავაჭრო ურთიერთობები, რაც, საბოლოოდ, მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას გააუარესებს.
დაბოლოს, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ აქტიურდა ვმუშაობთ ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით. ღვინის გაყიდვები მსოფლიოს სხვა ბაზრებზე გაზრდილია ასი პროცენტით, რაც 40 მილიონამდე ბოთლს შეადგენს. მაშინ, როდესაც 2012 წელს ღვინის მთლიანი ექსპორტი 20 მილიონი იყო და აქედან დიდი ნაწილი ისევ რუსეთში შედიოდა სხვადასხვა გზით. ამავე დროს, ქართული ღვინის პოპულარიზაციის გამოყოფილი ბიუჯეტი მილიონი ლარიდან ეტაპობრივად 9 მილიონ ლარამდე გავზარდეთ, რამაც ქართული ღვინო მეტად ცნობადი და მოთხოვნადი გახადა პრაქტიკულად მთელ მსოფლიოში”, – აცხადებს დავითაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები