სოსო არჩვაძე: ის, რაც ამ რამდენიმე დღის წინ „რუსთავი2″-ის ეთერში ვიხილეთ, ქართველი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული დივერსიაა
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში „რუსთავი 2″-ს გარშემო განვითარებულ მოვლენებს ვრცელი პოსტით ეხმაურება და წერს, რომ რუსეთთან ურთიერთობების არევა საქართველოს მრავალმილიარდიან ზიანს მიაყენებს.
მისი თქმით, ქვეყნის ჭეშმარიტი პატრიოტიზმი შრომაში, სწავლაში, პროფესიონალიზმში ვლინდება.
„ძველი ბერძენი ფილოსოფოსის, მწერლის, „მედიცინის მამა” ჰიპოკრატეს ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, რითაც ის ახალგაზრდა ესკულაპებს მოძღვრავდა, იყო: „არ ავნო!” – არ ავნო ავადმყოფის სხეულს, კიდევ უფრო არ დაუმძიმო მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ძველი ბერძენი ესკულაპის ეს შეგონება არანაკლებ აქტუალურია საჯარო სივრცეში მოქმედი ნებისმიერი პირისთვის, ვისაც თანამედროვე ინფორმაციის საშუალებებით ათასობით, ასეულ ათასობით ადამიანის სმენასა და გონებაზე შეუძლია საკუთარი აზრის მიწოდება და ზემოქმედება. მისმა ერთმა ნათქვამმა შეიძლება სერიოზულად დააზიანოს მრავალი ადამიანის ძალისხმევის შედეგი.
ის, რაც ამ რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ „რუსთავი2″-ის ტელეეთერში, ფაქტობრივად, არის საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული დივერსია. არავინ უარყოფს იმას, რომ საქართველოს ეკონომიკა, მისი ცალკეული დარგები და რეგიონები იმაზე მეტად არიან დამოკიდებული რუსულ ბაზარზე, ვიდრე ეს ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების ზღვრულ ნიშნულს შეესაბამება. მაგრამ და სწორედ ამიტომაც არაა საჭირო ქვების სროლა იმ მიმართულებით, საიდანაც ზარბაზნის ლულები იმზირებიან. ამ უკანასკნელთაგან წამოსული საფრთხის აცილება სკაბრეზული გამონათქვამებით ნამდვილად არ მიიღწევა.
უნდა ყველამ გავაცნობიეროთ, რომ რუსეთი მოცემულობაა და მას ვერ „დავხურავთ”. მასთან ურთიერთობა და სიტუაციის დალაგება ინსტიტუციურად უფლებამოსილი მაღალინტელექტუალური, პროფესიონალი, პატრიოტი ადამიანების კოორდინირებული ძალისხმევის ფორმატში უნდა ვაწარმოოთ.
ასეთივე მოცემულობაა ამ ქვეყანასთან ეკონომიკური ურთიერთობები: რუსეთზე მოდის საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის მეექვსედი, უცხოელი ტურისტების მესამედი, საზღვარგარეთ რეალიზებული ღვინის ყოველი ხუთი ბოთლიდან სამი და საქართველოში მოხმარებული ხორბლის ორი მესამედი. ფაქტობრივად, საქართველოს მრავალი ათასი ადამიანის, მევენახიდან და კირითხუროდან დაწყებული და ჰოსტელიერებით დამთავრებული, ეკონომიკური კეთილდღეობა ჯერჯერობით რუსულ ბაზარზე, რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებზეა დამოკიდებული.
ამ ურთიერთობების არევა და უფრო მეტიც, გაწყვეტა, საქართველოს მრავალმილიარდიან ზიანს მიაყენებს. ქვეყნის არა მარტო ეკონომიკისა და მოსახლეობის კეთილდღეობის დონე რამდენიმე წლით უკან იქნებოდა გადასროლილი. ზრდის ნაცვლად მივიღებთ უკანდახევას, მოსახლეობის ტოტალურ გაღარიბებას (მარტო ფულადი გზავნილები რუსეთიდან საქართველოში დაახლოებით შვიდი ათასი შინამეურნეობის წლიური შემოსავლების ეკვივალენტურია), ჰიპერინფლაციას, სერიოზულ დარტყმას სახელმწიფოებრივი მდგრადობასა და თავდაცვისუნარიანობაზე.
ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს რუსეთში მცხოვრები და დასაქმებული ჩვენი მრავალი ათასი თანამემამულე, რომელთა ბედზე, კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე პირდაპირ აისახება საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ტემპერატურა…
როგორც სულგანათლებულ რეზო თაბუკაშვილს აქვს ნათქვამი, პატრიოტიზმი არაა პროფესია, პროფესიონალიზმია პატრიოტიზმი. ჩვენ აქციები და მიტინგები არ უნდა ვაქციოთ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად. საქართველოს ხსნა შრომაზე, განათლებულობაზე, პროფესიონალიზმზე, ადამიანურ და ინსტიტუციურ ურთიერთობებში ეთიკაზე დაფუძნებულ პატრიოტიზმზე გადის…” – წერს სოსო არჩვაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ 7 ივლისს, გადაცემა „P.S.”-ში ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ საკუთარ მონოლოგში რუსულ ენაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უცენზურო, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.