თინა ბოკუჩავა: პუტინმა ეს პატარა სპექტაკლი დადგა იმისთვის, რომ კეთილ ბიძიად გამოსულიყო
„მან დადგა ეს პატარა სპექტაკლი იმისთვის, რომ საბოლოოდ კეთილ ბიძიად გამოსულიყო, თუმცა ამ შანტაჟმა, ბუნებრივია, ფსიქოლოგიური ზეწოლის ეფექტი საქართველოს მოსახლეობაზე მოახდინა“, – ამ სიტყვებით გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინა ბოკუჩავა ვლადიმერ პუტინის იმ განცხადებას, სადაც რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველოს მიმართ სანქციების დაწესების წინააღმდეგია.
მისი თქმით, კრემლი აშანტაჟებს საქართველოს ხელისუფლებას, ხოლო ხელისუფლება, თავის მხრივ, საქართველოს მოსახლეობას აშანტაჟებს.
“არანაირი მსჯელობა, ისე, როგორც საქართველოს ხელისუფლებაში არ არსებობს იმიტომ, რომ ერთი ოლიგარქი იღებს გადაწყვეტილებას, არ არსებობს ასევე კრემლში. ყველამ კარგად ვიცით კონიუქტურა, რომ გადაწყვეტილებას იღებს პუტინი. უბრალოდ მან დადგა ეს პატარა სპექტაკლი იმისთვის, რომ საბოლოოდ კეთილ ბიძიად გამოსულიყო, თუმცა ამ შანტაჟმა ბუნებრივია ფსიქოლოგიური ზეწოლის ეფექტი საქართველოს მოსახლეობაზე მოახდინა, ეს იყო მათი ამოსავალი წერტილი, რაშიც ხელი შეუწყო საქართველოს ხელისუფლებამ, დაიწყო ისევ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე”, ოპოზიციაზე, ახალგაზრდებზე ყველაზე ამ ყველაფრის გადაბრალება. ნაცვლად იმისა, რომ გამოსულიყო კომპეტენტურად, პრინციპულად ეთქვა, რომ თუ ჩვენი ქვეყანა დადგება ამ გამოწვევის წინაშე, ჩვენ ამას გავუმკლავდებით, მოვახდენთ ექსპორტის დივერსიფიკაციას და საქართველოს რიგითი მოქალაქე არ დაზიანდება.
კრემლი აშანტაჟებს საქართველოს ხელისუფლებას, ხოლო ხელისუფლება, თავის მხრივ, აშანტაჟებს საქართველოს მოსახლეობას, ნაცვლად იმისა, რომ აწარმოოს მწყობრი თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ნაკლებად დამოკიდებულს გაგვხდიდა რუსულ ბაზარზე იმიტომ, რომ პუტინი არა მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ, არამედ მთელი რიგი სხვა ქვეყნების წინააღმდეგ სწორედ სავაჭრო ბერკეტებს იყენებს, მათ შორის ჰიბრიდული ომის საწარმოებლად“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადება გავრცელდა, სადაც ის საქართველოს მიმართ რუსეთის მხრიდან სანქციების დაწესების წინააღმდეგია.
“რაც შეეხება საქართველოს მიმართ სანქციების დაწესებას – მე ამას არ გავაკეთებდი სწორედ ქართველი ხალხის პატივისცემის გამო”, – განაცხადა პუტინმა.