გიგი უგულავა: ღონიაშვილს პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ აქვს
თბილისის რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარე გიგი უგულავა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მისი ქვისლის გიორგი ღონიაშვილის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა. როგორც უგულავამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული ფაქტი „ნაციონალური მოძრაობის“ და პირადად მის დისკრედიტაციას ემსახურება. მისი თქმით, ღონიაშვილს პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ აქვს.
„დღეს მე ისევ, როგორც მთელმა საზოგადოებამ მორიგი ტაკი-მასხარაობა ვიხილეთ, რომელიც დადგმულია ფინანსური პოლიციის მიერ. როდესაც ბატონმა ღარიბაშვილმა დაანონსა ცხელი ზაფხული და ის, რომ არც ერთ რაიონში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ უნდა გაიმარჯოს, ამ გეგმამ მოქმედება დაიწყო. ყოველგავრი არგუმენტების გარეშე გადაწყვიტეს მთავარი ოპოზიციური პარტიის დიკრედიტაცია. ამ პარტიის მიმართ ღარიბაშვილს და ივანიშვილს შიში და ძრწოლა აქვთ. გიორგი ღონიაშვილი ჩემი ქვისლია და მეგობარია. მას არანაირი კავშირი არ გააჩნია. ის პოლიტიკისგან შორს მდგომი ადამიანია. მისი დაკავშირება „ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსებასთან არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და მიზნად ისახავას ჩემი და პარტიის დისკრედიტაციას. როგორც ჩანს ხელისუფლება განიცდის, რომ საზოგადოების გულისწუხილს წარმოადგენს ის 138 მილიონი, რომლებიც პრემიებად დაირიგეს. მე არ ვიცნობ საქმის გარემოებას, მაგრამ გვახსოვს ე.წ. საკონსულტაციო საქმე, სადაც ნიკა გვარამია და კახა დამენია ფიგურირებდნენ და ეს საქმე საპნის ბუშიტივთ გაქრა სასამართლოზე. როგორც მე ტელევიზიით ვიხილე, ანალოგიურ საქმესთან გვაქვს საქმე. ჩვენ ვხედავთ წინასაარჩევნოდ დადგმულ, იგივე საპნის ოპერას. მათი მიზანია ჩვენი პარტიის დისკრედიტაცია“, – აღნიშნა გიგი უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა “ნაციონალური მოძრაობის” დასაფინანსებლად შექმნილი დანაშაულებრივი სქემა გამოასაჯაროვა. უწყებამ, ზეგავლენით ვაჭრობისა და განსაკურებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე გიორგი ღონიაშვილი დააკავა. საქმეში ფიგურირებს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის გვარიც.