ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი კახეთში ტურიზმისა და აგროსექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კახეთში, ქალაქ გურჯაანში ტურიზმისა და აგროსექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის წინაპირობა იყო კახეთის კერძო სექტორის თხოვნა, რომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს მათთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია, რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს მთავრობა რუსეთიდან პირდაპირი ავიაფრენების შეჩერების შემდეგ.

შეხვედრას ორგანიზება კახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმაგაუწია. მასში მონაწილეობდნენ პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი და სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი. შეხვედრას 200-მდე ადგილობრივი მეწარმე დაესწრო, რომელთა საქმიანობაც, მეტნაკლებად, რუსეთთან არის დაკავშირებული. მათ შორის იყვნენ ღვინის კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც წარმოებული პროდუქციის დიდ ნაწილს რუსეთის ბაზარზე ყიდიან, აგრეთვე, ღვინის ტურიზმის ობიექტების – ღვინის მარნების მფლობელები, რომელთა სტუმართა დიდი ნაწილი რუსეთიდან ჩამოსული ტურისტები იყვნენ.

შეხვედრას დაესწრნენ რუსეთის ბაზარზე სხვა აგროკულტურების, მათ შორის, ატმის ექსპორტიორებიც. მონაწილეებმა საქართველოსა და რუსეთს შორის ვითარების ნორმალიზების სურვილი გამოთქვეს, რათა დანაკარგი, რომელიც საქართველოს შეიძლება მიადგეს, კიდევ უფრო არ გაიზარდოს და ქართულმა პროდუქციამ რუსეთის ბაზარი არ დაკარგოს.

გამომსვლელთა უმრავლესობა მთავრობის წევრებს აქტიურ ქმედებას სთხოვდა, რათა ინფორმაცია საქართველოში არსებული სტაბილური ვითარების შესახებ არა მხოლოდ რუსეთში, არამედ სხვა ქვეყნებშიც გავრცელდეს.

„საქართველო მხოლოდ რუსთაველის გამზირი არ არის”, – ამბობდნენ ისინი.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ მცირე საოჯახო სასტუმროების მფლობელებიც, რომლებიც ღვინის ტურიზმში აქტიურად არიან ჩართულნი. აღინიშნა, რომ ტურიზმის ეს მიმართულება კახეთში დიდ აღმავლობას განიცდის, რაზეც რეგიონში ახალი ღვინის სასტუმროების გახსნა მეტყველებს, თუმცა, მათი თქმით, შექმნილი ვითარება, განსაკუთრებით, რუსი ტურისტების მხრიდან ჯავშნების გაუქმება, აღნიშნულ სექტორს მნიშვნელოვნად დააზარალებს.

სასტუმროების მეპატრონეთა განცხადებით, მათ უკავშირდებიან პოტენციური ტურისტები რუსეთიდან და საქართველოში ჩამოსვლის ალტერნატიული გზებით ინტერესდებიან.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, რუსი ტურისტის შენარჩუნება მნიშვნელოვანია და ამისთვის ვიზიტორებს სწორი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ.

“საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა და აქ საფრთხე არავის ემუქრება. ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება, ხშირად დეზინფორმაციის მატარებელია და ეს ვითარება უნდა გამოვასწოროთ”,- აღნიშნა თურნავამ.

“რაც უფრო ძლიერები ვიქნებით ეკონომიკურად, რაც უფრო მეტ ქვეყანასთან, მათ შორის რუსეთთან, გვექნება ეკონომიკური, პრაგმატული ურთიერთობები, რაც უფრო მეტი კმაყოფილი რუსი ტურისტი წავა აქედან და წაიღებს ინფორმაციას რეალურ საქართველოზე და არა რუსული არხებიდან მოისმენს ინფორმაციას საქართველოზე, მით უკეთესია ჩვენთვის.

“ჩვენ ავირჩიეთ კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი გზა და ამ მშვიდობიანი გზის, ამ მშვიდობიანი დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილია, მათ შორის, ადამიანებს შორის კარგი ურთიერთობა, მეტი ტურისტი ყველა მიმართულებიდან, მათ შორის, რუსეთის მიმართულებიდან. რუს ტურისტს, გარდა იმისა, რომ აქ ფულს ხარჯავს და ჩვენს კეთილდღეობაში შეაქვს წვლილი, დამატებითი დატვირთვა აქვს – ის ასევე არის საქართველოს შესახებ ობიექტური და სრული ინფორმაციის გამავრცელებელი რუსეთში. ეს არის რეალობა”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კი იმედოვნებს, რომ რუსეთი სავაჭრო ემბარგოს არ დააწესებს, ასევე, თვლის, რომ რუსეთთან მიმართებაში საჭიროა პრაგმატული პოლიტიკის გაგრძელება.

“ვიმედოვნებ, რომ რუსეთი სავაჭრო ემბარგოს არ დააწესებს”, – განაცხადა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის განმარტებით, რუსეთთან დღეს არსებული სავაჭრო ურთიერთობები წლების განმავლობაში მიღწეული მუშაობის შედეგია და ამ მიმართულებით, ხელისუფლება პრაგმატულ პოლიტიკას გააგრძელებს.

“ვფიქრობ, რუსეთთან მიღწეული პროგრესი იქნება შენარჩუნებული. ჩვენმა ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ შეგვიძლია პრაგმატული პოლიტიკის გატარება. ჩვენ შევძლებთ სავაჭრო ურთიერთობების გაგრძელებას, მათ შორის ღვინის სფეროში. საკმაოდ მნიშვნელოვანია აგროსასურსათო საექსპორტო პროდუქტი. საკმაოდ მნიშვნელოვანია, ეს ურთიერთობები იყოს პრაგმატული, კავშირზე დაფუძნებული, ემოციებისგან დაცლილი და ექსპერტული. იმედია, რუსეთის ფედერაციისგანაც მივიღებთ პასუხებს და მათი მხრიდანაც პროცესი ადეკვატურად იქნება აღქმული”,- განაცხადა დავითაშვილმა.

შეხვედრის დასასრულს, მთავრობის წარმომადგენლებმა შეკრებილ მეწარმეებს ქვეყნის მთავრობის ხედვა გააცნეს, იმის შესახებ, როგორ გეგმავენ ისინი შექმნილი რთული ვითარებიდან გამოსვლას. აღინიშნა, რომ ხელისუფლება იმოქმედებს მხოლოდ იმ მოთხოვნებიდან გამომდინარე, რომელიც კერძო სექტორს გააჩნია ამ კუთხით, რუსეთთან ეკონომიკური ვითარების ნორმალიზების მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები