უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის პარტიის – „ხალხის მსახურის“ ლიდერი, დიმიტრი რაზუმკოვი ფიქრობს, რომ დანიშნული საპარლამენტო არჩევნები მიხეილ სააკაშვილის პარტიისა და მისი პოლიტიკური მოძრაობის გამო შესაძლოა, ჩაიშალოს.
დიმიტრი რაზუმკოვმა ტელეარხ „1+1“-ის გადაცემაში – „უფლება ხელისუფლებაზე“ განაცხადა, რომ, არჩევნებში „ახალი ძალების მოძრაობის“ მონაწილეობის გამო, რომელსაც სააკაშვილი ხელმძღვანელობს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ბიულეტენების ხელახლა დაბეჭდვა უწევს.
„ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის წაყენებულმა მოთხოვნამ – ჩართოს საარჩევნო პროცესში მიხეილ სააკაშვილის პარტია „ახალი ძალების მოძრაობა“ და ხელახლა დაბეჭდოს ბიულეტენები – შეიძლება საპარლამენტო არჩევნების დანიშნული თარიღისათვის ჩაშლა გამოიწვიოს“, – თქვა დიმიტრი რაზუმკოვმა.
უკრაინის პრეზიდენტის პარტიის ლიდერი იმედოვნებს, რომ სასამართლო სიტუაციაში გაერკვევა და კანონიერ, სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს, რადგან 5 მილიონი ბიულეტენი უკვე დაბეჭდილია, რაშიც სახელმწიფოს ფულია გადახდილი. რაზუმკოვის თქმით კი ბიულეტენების ხელახალი დაბეჭდვისთვის ბიუჯეტში სახსრები არ არის გათვალისწინებული.
შეგახსენებთ, რომ 29 ივნისს უმაღლესმა სასამართლომ გააუქმა წინა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სააკაშვილის პარტიის რეგისტრაციაში გატარება დაავალა. საარჩევნო კომისიამ ვერდიქტი შეასრულა, მეორე დღეს პარტიების წარმომადგენლები დაიბარა და ერთობლივი გადაწყვეტილებით, ხელახალი კენჭისყრის გარეშე, „ახალი ძალების მოძრაობას“ ბოლო – 22-ე ნომერი მიენიჭა.
ცნობისთვის, უკრაინაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 21 ივლის არის დანიშნული.