სალომე ზურაბიშვილი: საქართველოში უნდა განვავითაროთ ჯანდაცვის კუთხით ტურიზმი, მედიცინის კუთხით ტურიზმი, განვავითაროთ ჩვენი კურორტები

“საქართველოში ჩვენ უნდა განვავითაროთ ჯანდაცვის კუთხით ტურიზმი, მედიცინის კუთხით ტურიზმი, განვავითაროთ ჩვენი კურორტები, რაც მრავლად გვაქვს სხვადასხვა რეგიონში – სხვადასხვა დანიშნულების”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ საერთაშორისო კონგრესზე – “ქალის ჯანმრთელობა ჯანსაღ სამყაროში” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ტურიზმი არის ეკონომიკისთვის ძალიან პრიორიტეტული მიმართულება, ხოლო ტურიზმის სხვადასხვა სახეობაში საკონფერენციო ტურიზმი და ჯანდაცვასთან დაკავშირებული ტურიზმია მნიშვნელოვანი.
“ვიტყოდი, ეს ისტორიული მიმართულებაა, ყველაფერი, რაც ეხება მედიცინას. მედეას ქვეყანა ვართ, ბოლოს და ბოლოს და რადგანაც მედეას ქვეყანა ვართ, ჩვენთვის მედიცინა არის ძალიან ბუნებრივი. ეს არის დარგი, რომელიც ყველა ქართველისთვის გენეტიკური და ძალიან ბუნებრივია. საქართველოში ჩვენ უნდა განვავითაროთ ჯანდაცვის კუთხით ტურიზმი, მედიცინის კუთხით ტურიზმი, განვავითაროთ ჩვენი კურორტები, რაც მრავლად გვაქვს სხვადასხვა რეგიონში – სხვადასხვა დანიშნულების. ეს არის საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი, რომელიც მომავალ წლებში მოიპოვებს თავის ადგილს მსოფლიო რუკაზე, როგორც ერთ-ერთი ადგილი, სადაც ძალიან განვითარებული იქნება რეაბილიტაციის, გამაჯანსაღებელი კურორტები. ამაზე ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ. ის, რომ ქვეყანაში ასეთი მასშტაბური ფორუმები ტარდება, არის ამ კუთხით გადადგმული სერიოზული ნაბიჯი. მინდა, ყველას გისურვოთ წარმატებები ორდღიანი შეხვედრის დროს. გისურვებთ, გაცვალოთ ბევრი ინფორმაცია და ეს ყველაფერი იყოს საწინდარი, რომ კიდევ უფრო დიდი პროგრესი იყოს იმ დარგში, რომელსაც ჰქვია ჯანდაცვა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები