ეუთო-ში რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონისა და ყირიმის რეზოლუციების მოხსნას მოითხოვს

ეუთო-ში რუსეთის დელეგაცია ორი რეზოლუციის პროექტის მოხსნას მოითხოვს, რომელიც ყირიმსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებში, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ ადამიანის უფლებების დაცვას ეხება. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა და რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ვიცესპიკერმა, პიოტრ ტოლსტოიმ განუცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო tass-ი ავრცელებს.
„ჩვენი დელეგაცია შეკრებილია, ჩვენ ვიმუშავებთ მათ შორის იმ დღის წესრიგით, რომელსაც ჩვენი ოპონენტები გვთავაზობენ. შევთავაზებთ ორი რეზოლუციის მოხსნას ყირიმსა და სამხრეთ ოსეთზე“, – თქვა ტოლსტოიმ.
ყირიმზე რეზოლუციის ავტორი უკრაინის რადას დეპუტატი, არტურ გერასიმოვია. მასში ნათქვამია, რომ „ოკუპაცია და ყირიმის ანექსიის მცდელობა გრძელდება“. ასევე, საუბარია აზოვის ზღვისა და მთლიანად ყირიმის ნახევარკუნძულის მზარდ მილიტარიზაციაზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ამასთან, პროექტში არის მოწოდება რუსეთის ფედერაციისადმი, რომ გაუწიოს სამედიცინო და იურიდიული დახმარება უკრაინელ სამხედროებს, რომლებიც 2018 წელს ქერჩის სრუტეში დააკავეს.
რეზოლუციის მეორე პროექტი საქართველოს პარლამენტის წევრმა, სოფიო ქაცარავამ წარადგინა. მასში გამოხატულია შეშფოთება იმის გამო, რომ საქართველოს წართმეული აქვს შესაძლებლობა, განახორციელოს იურისდიქცია ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ასევე, საუბარია ამ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები