“აფხაზეთსა და სამაჩაბლოში განვთარებული მოვლენები სახიფათო მიჯნას მიუახლოვდა“
უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის „თქვენი უფლებებისათვის“ სპიკერი გიორგი თევზაძე აფხაზეთსა და სამაჩაბლოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. თევზაძე ხელისუფლებას და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს და აქტიური რეაგირებისკენ მოუწოდებს.
„ბოლო პერიოდში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში განვითარებული პროცესებით გამოიკვეთა, რომ იქ სიტუაცია საქართველოსადმი მტრულად განწყობილი, რეაქციული ძალების მეშვეობით და სცენარით ვითარდება, რომლის ძირითადი დანიშნულება სეპარატისტული ჯგუფების გამოყენებით საქართველოს ისტორიული, ძირძველი ქართული მიწების მიტაცებაა, ეს ქმედებები ნამდვილად არ ემსახურება აფხაზებისა და სამაჩაბლოში მცხოვრები ოსების ინტერესებს და საბოლოო შედეგი მათი სრული ასიმილაცია და გაქრობაა. ამაზე თავისი წუხილი არაერთხელ გამოხატა საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქმა. სამწუხაროდ, ეს საფრთხე რეალურია. ვითარებას ართულებს აგრეთვე ხელისუფლების არათანამიმდევრული პოლიტიკა, რომლის შედეგი, როგორც ჩანს, ძირითადში რეიტეგრაციის სამინისტროსთვის სახელწოდების შეცვლა და სტატისტიკური მონაცემების წარმოებით შემოიფარგლება.
კარგი იქნება, თუ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო უფრო ჩატარებული სამუშაოების თაობაზე საზოგადოების წინაშე პერიოდული ანგარიშებით აქტიურად წარდგება. პრაქტიკულად ასევე არ ჩანს ხელისუფლების ლოიალური დამოკიდებულების შედეგები რუსეთის ხელისუფლების მიმართ. აშკარაა, რომ რუსეთის ხელისუფლებას შორს მიმავალი საკუთარი გეგმები და ინტერსები გააჩნია, რომლის შეცვლა, საქართველოში ხელისუფლებების ცვლილებების მიუხედავად, არ ხდება. ასევე განსაკუთერბულ განგაშის საგანს წარმოადგენს ის საფრთხე, რომელიც აფხაზეთში გალის ქართულენოვან მაცხოვრებლებს, ხელისუფლების ცვლილების და რადიკალური ჯგუფის პირობებში ემუქრება.
საქართველოს ხელისუფლებას ევალება, ყველაფერი გააკეთოს, რომ აცილებული იქნას იძულებით გადაადგილებულთა ახალი ტალღა აფხაზეთიდან. ამდენად, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები სახიფათო მიჯნას მიუახლოვდა, რომელზეც აუცილებელია ხელისუფლების მყისიერი, პრაგმატული რეაგირება და საქართველოს მეგობარი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის გაზრდა ვითარების განსამუხტავად, რათა აცილებული იქნას აფხაზეთში და სამაჩაბლოში პროცესების ყირიმის სცენარით განვითარება.
ხელისუფლებას ასევე მოვუწოდებთ, კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია ამ მიმართულებით განხორციელებული სამუშაოების თაობაზე.
ვიტოვებთ იმედს, რომ ხელისუფლების სწორი პოლიტიკის პირობებში ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეები გაცნობიერებენ მათთან კონკრეტულად დაკავშირებულ რეალურ საფრთხეებს და პრაგმატულ დასკვნებს გამოიტანენ“, – აღნიშნულია უფლებადამცველის და არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის „თქვენი უფლებებისათვის“ სპიკერის გიორგი თევზაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.