გია ვოლსკი: „ნაცმოძრაობისა” და მისნაირი პარტიების მიზანია, რომ ქვეყანაში წყალი აიმღვრეს და პოლიტიკური თევზი ან ღლავი დაიჭირონ

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გია ვოლსკი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც რუსეთთან სავიზო რეჟიმს უკავშირდება. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობისა” და მასთან გაიგივებული ყველა პარტიის მიზანია, რომ ქვეყანაში წყალი აიმღვრეს და პოლიტიკური თევზი ან ღლავი დაიჭირონ.
„მე ვაფასებ სხვანაირად. კარასინი გააკეთებს განცხადებას თუ სხვა ნებისმიერი მაღალჩინოსანი რუსეთიდან, ამას კი არ აქვს მნიშვნელობა, მნიშვნელობა აქვს იმ პოლიტიკას, რომელსაც საქართველო მიჰყვება და რომელსაც მხარს უჭერს ვაშინგტონი, ბრიუსელი, ვენაც და ყველა ჩვენი პარტნიორი დედაქალაქი – გვქონდეს დაბალანსებული პოლიტიკა. მეორე მხრივ, არის ინტენსიური ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. სწორედ ამ პოლიტიკასა და სტაბილურობის ამ ფორმულას ებრძვის „ნაციონალური მოძრაობა“. აქედან გამომდინარე, უნდა შეფასდეს ყველანაირი განცხადება, რომელსაც მოვისმენთ. ეს არის ისეთი თემა, რომელიც არის სტრატეგიული მიზანი “ნაციონალური მოძრაობისა” და მასთან გაიგივებული ყველა პარტიისა, მათ შორის – “ევროპული საქართველოსი”, რომ მოხდეს დესტაბილიზაცია და დაპირისპირება ორივე მხარის – დასავლეთის მიმართულებითაც და ჩრდილოეთის მიმართულებითაც და, აქედან გამომდინარე, ისე აიმღვრეს წყალი, რომ იქნებ აქედან რამე დიდი პოლიტიკური თევზი ან ღლავი დაიჭირონ, მაგრამ მე ვფიქრობ, ეს უპერსპექტივოა”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები