„საქართველოს სამეფო კლუბი“ ოკუპაციის შესახებ კანონის გამკაცრებას ითხოვს
„საქართველოს სამეფო კლუბი“ ოკუპაციის შესახებ კანონის გამკაცრებას ითხოვს. ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „საქართველოს სამეფო კლუბის“ სპიკერმა, გია მამალაძემ ისაუბრა.
„საქართველოში დღეს ნამდვილად კრიზისია. ეს ყველაფერი იმის გამოა, რომ პოლიტიკური ელიტა, ხელისუფლება არასერიოზულად უდგებოდა ოკუპაციის შესახებ არა მარტო კანონს, არამედ, ზოგადად, პრინციპებს. პირველი საკითხი, რაც უნდა დაეყენებინა პოლიტიკურ ელიტას, პარტიებს, ეს იყო ოკუპაციის შესახებ კანონის გამკაცრება. მომავალში ასეთი პროვოკაციები რომ არ განმეორდეს, უნდა გავაკეთოთ ასეთი რამ:
ყველა პოლიტიკოსი, ვისაც ხმა აქვს მიცემული, ან დაუფიქსირებია აზრი, რომ ჩრდილო ქართლი და აფხაზეთი, ანუ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები არის დამოუკიდებელი სახელმწიფოები, საქართველოსთვის მიუღებელი პერსონა უნდა იყოს და ქვეყანაში შემოსვლის უფლება არ უნდა ჰქონდეს, თუ ამისთვის არ არსებობს სპეციალური რაიმე ნერბართვა ან რაიმე პოლიტიკური აუცილებლობა.
ასევე, ადამიანები, რომლებიც აღიარებენ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას, თუ საქართველოში მოისურვებენ რაიმე ქონების შეძენას, ან ბიზნესის წამოწყებას, მათ უნდა აღიარონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.
ჩვენს მოკავშირე სახელმწიფოებს უნდა ვთხოვოთ, ასეთი ადამიანების წინააღმდეგ სანქციები შემოიღონ.
ასევე, საქართველოში დაფიქსირდა რამდენიმე ორგანიზაცია, რომელიც ოკუპანტის სიმბოლიკას გამოიყენებენ ან ისეთ რუკებს ბეჭდავენ, რომელიც ლახავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს. ასეთი ორგანიზაციები უნდა დაჯარიმდნენ.
ასევე, ყველა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, რომელსაც უნდა, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, კონკრეტულად უნდა დააფიქსიროს თავის მიდგომა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ და ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც რაიმე ფორმით საქართველოს დაადანაშაულებს ტერიტორიების ოკუაპციასთან მიმართებით, არ უნდა იყოს დაშვებული არჩევნებზე. ასეთი მოქალაქეების მიმართ უნდა იყოს სანქციები იმიტომ, რომ ოკუპაციის ნებისმიერი ფორმით გამართლება დანაშაულია სახელმწიფოს წინაშე“, – განაცხადა მამალაძემ.