პროკურორი: სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების ეფექტურობის გაზრდის მიზნით, ბრალდებულ ნიკა მელიას მიმართ ელექტრონული მონიტორინგი დააწესა

სააპელაციო სასამართლომ კონტროლის დამატებითი მექანიზმის სახით ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ დაწესებული ელექტრონული მონიტორინგის აღსრულების უზრუნველყოფა საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაავალა.
„დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, უკვე მეორე სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომ საქმეში არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის, რომ ნიკანორ მელიას მიმართ დაწყებულიყო სისხლის სამართლებრივი დევნა“, – ამის შესახებ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მოცემულ შემთხვევაში მიზანშეწონილი იყო ნიკანორ მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენება.
„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. ერთადერთი ცვლილება, რაც გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების ეფექტურობის გაზრდის მიზნით იქნა გამოყენებული, ეს არის ელექტრონული მონიტორინგის საშუალება. ბრალდების მხარეს მიგვაჩნდა, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა ყველა საფუძველი იმისათვის, რომ ნიკანორ მელიას მიმართ შეფარდებული ყოფილიყო აღკვეთის ღონისძიება. როგორც სააპელაციო სასამართლომ, ისევე პირველი ინსტანციის სასამართლომ, მხედველობაში მიიღო ყველა ის არგუმენტი, რაც მოცემული იყო ბრალდების მხარის შუამდგომლობაში. რაც შეეხება მტკიცებულებით ნაწილს, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, უკვე მეორე სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომ საქმეში არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის, რომ ნიკანორ მელიას მიმართ დაწყებულიყო სისხლის სამართლებრივი დევნა. ბუნებრივია ჩვენ, ჩვენი საჩივრის ტექსტის შესაბამისად მიგვაჩნდა, რომ ერთადერთი აღკვეთის ღონისძიება, რომელიც უნდა გამოყენებულიყო, არის პატიმრობა, მაგრამ ქართული კანონმდებლობის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით არის საბოლოო, ის გასაჩივრებას არ ექვემდებარება და შესაბამისად ნიკანორ მელიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის პროცედურა განხორციელდება მის მიმართ გირაოს შეფარდების პირობით“,- აღნიშნა პროკურორმა.
ამირან გულუაშვილმა ასევე განმარტა, რომ ბრალდებულისთვის სააპელაციო სასამართლოს მიერ დაწესებული დამატებითი შეზღუდვა არის ტექნიკური საშუალება, რომელიც უზრუნველყობს მისი ადგილსამყოფელის დადგენის შესაძლებლობას.
„დამატებითი ღონისძიება, განსხვავებით პირველი ინსტანციის სასამართლოსაგან დამატებით გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგის საშუალება. ეს არის ტექნიკური საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს 24-საათიან რეჟიმში ადამიანის გადაადგილების და მისი ადგილსამყოფელის დადგენის შესაძლებლობას. მათ შორის ეს შესაძლოა განხორციელდეს ე.წ. სამაჯურის გზით. რაც შეეხება საცხოვრებელი სახლის დატოვებას, საჯარო განცხადებებთან დაკავშირებით დაწესებულ აკრძალვებს, სასამართლომ სრულად დატოვა ძალაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. მართალია დაცვის მხარე ამ ნაწილში ასაჩივრებდა ამ საკითხს, თუმცა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი, შესაბამისად წინასწარი ინფორმირება, ისევე, როგორც თანხმობა საგამოძიებო ორგანოსი, საცხოვრებელი ადგილის დატოვების შემთხვევაში, ასევე ძალში რჩება“, – განაცხადა პროკურორმა ამირან გულუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები