კობა გვენეტაძე: ინფორმაცია, რომ შესაძლებელია, გარკვეული რაოდენობის ტურისტები აღარ ჩამოვიდნენ ქვეყანაში, მოლოდინებზე აისახა
“ინფორმაცია, რომ შესაძლებელია გარკვეული რაოდენობის ტურისტები აღარ ჩამოვიდნენ ქვეყანაში, მოლოდინებზე აისახა”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ლარის კურსის გაუფასურების საკითხზე საუბრისას განუცხადა.
მისი თქმით, გაჩნდა მოლოდინი, რომ ის საექსპორტო სერვისების შემოსავლები, რომლებიც უნდა ყოფილიყო, იქნება ნაკლები.
“სწორედ ამ დროს ასრულებს მცურავი გაცვლითი კურსი ავტომატური სტაბილიზატორის ფუნქციას. ის კორექტირება, რომელიც ეკონომიკაში ხორციელდება, აუცილებლად არის ისეთი, რომელიც ყველაზე ნაკლები დანახარჯებით გამოიყვანს ასეთი სიტუაციებიდან ქვეყანას”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
მისივე თქმით, რთულია იმის განსაზღვრა, რა გავლენას მოახდენს გაცვლით კურსზე შექმნილი ვითარება.
„დღესდღეობით რთულია იმის შეფასება, რა რაოდენობის და რა გავლენა ექნება ამას, რადგანაც ჯერ კიდევ მიმდინარე პროცესია. მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ იმ შედეგების მიხედვით, რომელიც იყო მიმდინარე ანგარიშების კუთხით პირველ კვარტალში, ვფიქრობ, წნეხი დიდი არ უნდა იყოს“, – აღნიშნა გვენეტაძემ.