თამარ ჩუგოშვილი: საარჩევნო სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 8 ივლისს დაიწყება

„საარჩევნო სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 8 ივლისს დაიწყება და 3 დღის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს საარჩევნო სისტემის პროპორციულ წესზე გადასვლასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, ანუ საარჩევნო სისტემის ცვლილებას, ინიცირებიდან მინიმუმ, ერთი თვე საერთო სახალხო განხილვები უნდა წარიმართოს. ჩუგოშვილის განცხადებით, საკომიტეტო და სასესიო განხილვები სექტემბრიდან დაიწყება.

„ ყველა პოლიტიკურ ძალასთან მზად ვართ, რომ დისკუსია გვქონდეს, თუმცა ჩვენი პოზიცია ამ ეტაპზე, საკმაოდ მკაფიო და ნათელია საკონსტიტუციო ცვლილებებთან, საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით. თუ მათ სურვილი ექნებათ, რომ რაიმე ფორმით მოლაპარაკების პროცესში იყვნენ, რა თქმა უნდა, მათ ეს შეუძლიათ. თქვენთვის კარგად ცნობილია, რომ პარლამენტში უკვე არსებობს საარჩევნო თემაზე მომუშავე ჯგუფი, იქ მონაწილეობს როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე „ევროპული საქართველო“ და მათ გაშვებას არავინ აპირებს.

კონკრეტულად საკონსტიტუციო ცვლილებებს და საარჩევნო სისტემას რაც შეეხება, ეს ცვლილებები არის დაინიცირებული. არის სრულ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, რაც პოლიტიკური ძალების დიდი ხნის მოთხოვნა იყო, მათ შორის, პირველ რიგში, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოსი”. ყველა დანარჩენი საკითხი, რომელიც ეხება საარჩევნო პროცესებს, საარჩევნო კანონმდებლობას, ეს ყველაფერი განიხილება საარჩევნო სამუშაო ჯგუფში. ყველა სხვა საკითხი, რომელიც შეეხება საარჩევნო თემატიკას, განიხილება საარჩევნო სამუშაო ჯგუფში.

რაც შეეხება ვადას, დათქმული გვაქვს საარჩევნო სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, ეს 8 ივლისს უნდა დაიწყოს და 3 დღის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს.

რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, ანუ საარჩევნო სისტემის ცვლილებას, დაინიცირებიდან მინიმუმ, ერთი თქვე საერთო სახალხო განხილვები უნდა მიმდინარეობდეს, ხოლო სექტემბრიდან დაიწყება საკომიტეტო და სასესიო განხილვები. ეს ცვლილებები ვენეციის კომისიისთვის არ გაგვიგზავნია, იმიტომ, რომ ვენეციის კომისიის პოზიცია მე მგონი, საკმაოდ მკაფიოა. ვენეციის კომისია ემხრობოდა საქართველოში საარჩევნო სისტემის პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, ამიტომ მათი მხრიდან მხოლოდ მისალმება იქნება. მით,უმეტეს, ევროსაბჭოდან უკვე გაკეთდა განცხადება. ამ განცხადებაში მიესალმნენ ჩვენს გადაწყვეტილებას, რომ საარჩევნო სისტემა შეგვეცვალა და პროპორციულზე გადავსულიყავით. ამიტომ, ჩვენი მხრიდან იმის აუცილებლობა, რომ დამატებითი ექსპერტიზა გაიაროს ვენეციის კომისიაში და რამდენიმე თვით გაიწელოს ამ ცვლილებების განხილვა, ამის საჭიროებას ვერ ვხედავ“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები