თამარ ჩუგოშვილი: ამ ეტაპზე, მნიშვნელოვანია, ის ვანდალური აქტები და ძალადობა იყოს გამოძიებული, რომელიც პარლამენტის წინ მოხდა

„ამ ეტაპზე, რაც მნიშვნელოვანი და აუცილებელია, არის ის, რომ გამოძიებული იყოს ის ვანდალური აქტები და ძალადობა, რომელსაც ადგილი ჰქონდა პარლამენტის წინ და გამთენიისას თბილისის სხვადასხვა წერტილებში“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, აქციის მონაწილეებს რამდენიმე მოთხოვნა ჰქონდათ და ამ მოთხოვნებიდან ორი ძირითადი დაკმაყოფილებულია. როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, თუკი, შსს-ს მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება ან არაპროპორციული ძალის გამოყენება დადგინდება, გიორგი გახარია პასუხისმგებლობას აიღებს.

“ჩვენი გუნდის პოზიცია, მე მგონი, საკმაოდ გასაგებია. აქციის მონაწილეებს რამდენიმე მოთხოვნა ჰქონდათ და ამ მოთხოვნებიდან ორი ძირითადი დაკმაყოფილებულია. ორივე ჩვენთვის და იმედია, მათთვისაც ძალიან სერიოზულია. ეს შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას და ასევე, საარჩევნო სისტემის ფუნდამენტურ ცვლილებას.

რაც შეეხება გიორგი გახარიას, მე მგონი, საკმაოდ ნათლად და მკაფიოდ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე, რაც მნიშვნელოვანი და აუცილებელია, არის ის, რომ გამოძიებული იყოს ის ვანდალური აქტები და ძალადობა, რომელსაც ადგილი ჰქონდა პარლამენტის წინ და გამთენიისას თბილისის სხვადასხვა წერტილებში. ამ ყველაფერზე სამართლებრივი რეაგირება აუცილებლად იქნება და იქნება მკაცრი. ასევე, გამოძიება მოხდება შესაძლო ძალის გადამეტების შემთხვევებისა. გახარიამ საკმაოდ ნათლად თქვა თავისი პოზიცია. მას შემდეგ, რაც გამოძიება ჩატარდება და თუ დადგინდება მასიურობა შსს-ს ან პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ან არაპროპორციული ძალის გამოყენების, ამაზე პასუხისმგებლობას ის აიღებს, თუმცა მანამდე ეს უნდა დადასტურდეს”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები