ლუგარის სახელობის კვლევით ცენტრში ბიოლოგიურ ინციდენტზე რეაგირების საჩვენებელი ვარჯიში ჩატარდა
„ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესის“ ფარგლებში, რ. ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრში საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტმა და აშშ-ს ევროპული სარდლობის პირადმა შემადგენლობამ საჩვენებელი პრაქტიკული ვარჯიში ჩაატარეს.
როგორც “კვირას“ შს სამინისტროდან აცნობეს, საჩვენებელი ვარჯიში კონგრესში მონაწილე, მოწვეული სტუმრებისთვის ჩატარდა. ვარჯიშის დროს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ქბრბ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფმა იმიტირებულ ბიოლოგიურ ინციდენტზე რეაგირება მოახდინა. ჯგუფის წევრებმა ინციდენტის ადგილიდან, შესაბამისი აღჭურვილობის გამოყენებით, დაბინძურების ზონიდან სამხილების და ნივთმტკიცებების ნიმუშების ამოღების პროცედურები განახორციელეს. რეაგირების ჯგუფის წევრებმა სტუმრებს ინციდენტის დროს დაზარალებული პერსონალისთვის დახმარების გაწევის და მათთვის შემდგომი სადეკონტამინაციო სამუშაოების ჩატარების ღონისძიებები წარუდგინეს.
საქართველოს შსს-ს მიერ ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართ ერთიანი და ინოვაციური მიდგომებიდან გამომდინარე, 2-5 ივნისს, საქართველოში პირველად იმართება „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესი“, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო მასპინძლობს. კონგრესის საპატიო დირექტორი საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია.