დავით ზალკალიანი: მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები

„საოკუპაციო რეჟიმის მიერ ენგურის გადასასვლელზე შეზღუდვების დაწესებას ქართული მხარე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მომდევნო რაუნდზე დააყენებს, სადაც, ასევე, მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, გამოიჩინოს კონსტრუქციულობა,  შეწყვიტოს ისეთი სახის ქმედებები, რაც ზღუდავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ამძიმებს ადგილზე არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებას“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ქართულმა მხარემ აღნიშნულის შესახებ უკვე გადადგა შესაბამისი ნაბიჯები, ამოქმედებულია „ცხელი ხაზი”, ასევე, ინფორმაცია მიეწოდათ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებსა და პარტნიორებს.
„ჩვენთვის ეს სიტუაცია მიუღებელია, იზღუდება ადამიანების თავისუფალი გადაადგილების უფლება. ჩვენ აუცილებლად მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას ჟენევის მომდევნო რაუნდის ფარგლებში, რომ   გამოამჟღავნონ კონსტრუქციულობა და მისცენ ადამიანებს გადაადგილების უფლება, რომლებსაც, პირველ ყოვლისა, ეს ჰუმანიტარული მიზნებისთვის ესაჭიროებათ, საუბარია თავისუფალი გადაადგილების ფუნდამენტურ უფლებაზე“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ ენგურის ხიდის ჩაკეტვის ფაქტთან დაკავშირებით.
მინისტრის თქმით, მსგავსი ქმედებების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები