ივანე მაჭავარიანი: მე კარგად ვიცი ყოველი ლარის ფასი, იქნება ეს ტურიზმიდან თუ ექსპორტიდან

„მე პასუხისმგებლობას კი არ ვგრძნობ მარტო, ძალიან მტკივა ეს ამბავი  იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი, არასტაბილურობის ასეთი ხარისხი რა ძვირი ჯდება”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენებისა და ნეგატიური მოლოდინების ანარეკლია.
„მე კარგად ვიცი ყოველი ლარის ფასი, იქნება ეს ტურიზმიდან თუ ექსპორტიდან. გულწრფელად გეუბნებით, მენანება ის, რომ ჩვენ სერიოზული ეკონომიკური პრობლემები გაგვიჩნდეს ამდაგვარი ქმედებებიდან. ახლა რაც შეეხება, იმას თუ რას ვაკეთებთ? რასაკვირველია, ჩვენ შევხედავთ და ვუყურებთ როგორ მიმდინარეობს ეკონომიკაში მოვლენები. დღეს, რასაკვირველია, მატერიალიზებული არაფერი არ არის – არც ემბარგო და ჯერ ტურისტული ნაკადის შეჩერება მინიმალურია, თუმცა მოლოდინები მძიმეა. იმედს ვიტოვებ, ეს მოლოდინები არ რეალიზდება სრული მასშტაბით. დღეს ლართან დაკავშირებით რაც ხდება, ერთმნიშვნელოვნად ამ მოლოდინების ანარეკლია”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მაჭავარიანი ამბობს, რომ, ამ შემთხვევაში, ეთანხმება ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.
„ეროვნული ბანკი აბსოლუტურად სწორედ ახორციელებს თავის ფუნქციას სავალუტო კურსთან მიმართებით. აქედან გამომდინარე, იმედს ვიტოვებ, რომ რადიკალიზმი და ეს ისტერიკა დაიწევს და გადავალთ ნორმალურ რეჟიმში, მით უმეტეს, ამის საფუძველი დღეს არსებობს – იქნება ეს პროპორციული არჩევნების ახალი ინიციატივა თუ ასევე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა ამ პროცესში. ეს არის ზუსტად ის გარანტიები, რომ შემდეგი არჩევნები იქნება გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი პოლიტიკური ძალებისთვის. მე მჯერა, რომ წინა არჩევნებიც იყო სამართლიანი, მაგრამ ამ შემთხვევაში, პოლიტიკური ორგანიზაციების მხრიდან იზრდება ხელმისაწვდომობა. ამ ეტაპზე, ეს სწორი და დადებითი მოვლენაა. შესაბამისად, არანაირი საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ დესტაბილიზაციის ეს ხარისხი გვქონდეს ქვეყანაში”, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები