სერგეი გავრილოვი: მსურს, საქართველოს მომლოცველის სტატუსით ვეწვიო
რუსეთის დუმის კომუნისტ დეპუტატს პარლამენტის მიერ მიღებული ახალი კანონის “მომლოცველობის შესახებ” პრაქტიკაში გამოცდა სურს და სამომავლოდ საქართველოში პილიგრიმად დაბრუნებას გეგმავს. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
“ჩვენ მივიღეთ კანონი “მომლოცველობის შესახებ”. მსურს, პრაქტიკაში გამოვცადო ის და საქართველოს მომლოცველის სტატუსით ვეწვიო, მოვინახულო წმინდა ადგილები. თუმცა ამას ახლა არ ვგეგმავ. არ ვაპირებ, პროვოკატორებს სალაპარაკო და სამოქმედო მიზეზი მივცე”, – ამბობს გავრილოვი.
შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს თბილისის პარლამენტში “მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის” 26-ე სესია მიმდინარეობდა, რომელსაც სერგეი გავრილოვი პარლამენტის სპიკერის სავარძლიდან უძღვებოდა. აღნიშნულმა ფაქტმა ოპოზიციონერი დეპუტატები და მოქალაქეები გააღიზიანა და საპროტესტო აქციებიც ამავე დღეს დაიწყო.
საღამოს მშვიდობიანი აქცია სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა.
საპროტესტო აქციები თბილისში მერვე დღეა, მიმდინარეობს. მონაწილეების მთავარი მოთხოვნებიდან ორი – პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა და 20 ივნისს დაკავებული აქტივისტების გათავისუფლება – უკვე დაკმაყოფილდა. დემონსტრანტების მესამე მოთხოვნა საქართველოს შსს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციის ორგანიზატორები პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.