მამუკა ბახტაძე: ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და პარტნიორი ადასტურებს, რომ პარლამენტთან ძალის გამოყენება ლეგიტიმური იყო (ვიდეო)

საქართველოს პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის თქმით, 20 ივნისის რუსთაველის აქციასთან დაკავშირებით ინტენსიური კონსულტაციებია საერთაშორისო პარტნიორებთან და არ არსებობს კითხვის ნიშანი იმ საკითხთან დაკავშირებით, იყო თუ არა გამოყენებული ძალა ლეგიტიმური. როგორც მან აღნიშნა, ამასთან დაკავშირებით ხელისუფლება იღებს პასუხისმგებლობას, რომ ყველაფერს კონკრეტული შეფასება მიეცეს.
„გვაქვს ინტენსიური კონსულტაციები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და არ არსებობს არანაირი კითხვის ნიშანი იმ საკითხთან დაკავშირებით, იყო თუ არა ძალა ლეგიტიმური, რომელიც გამოვიყენეთ. დიახ, ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, ვინაიდან სხვა არჩევანი და სხვა გზა არ არსებობდა. ამას ადასტურებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და საერთაშორისო პარტნიორი. რა თქმა უნდა, ამასთან ერთად, საზოგადოებასა და ჩვენც, როგორც საზოგადოების ნაწილს, გვაქვს კითხვის ნიშნები, ხომ არ მოხდა რამდენიმე შემთხვევაში კონკრეტული სამართალდამცველის მხრიდან ძალის გადამეტება, ვინაიდან ამის გარკვეული კადრებიც არსებობს და ეს ჩვენ ვიცით. კიდევ ერთხელ მსურს, გავიმეორო, რომ ვიღებთ ვალდებულებას, ჩვენ კონკრეტულ შეფასებას მივცემთ ყველაფერს. მიმდინარეობს გამოძიება ტრანსფარენტულობის უმაღლესი ხარისხით, მასში ჩართულია სახალხო დამცველის აპარატი და ჩვენ უზრუნველვყოფთ ამ გამოძიების ჩატარებას ტრანსფარენტულობის ყველაზე მაღალი ხარისხით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები