პარლამენტის წინ აქციაზე გიორგი გახარიას განცხადებებს გამოეხმაურნენ შეძახილებით: ,,წადი, წადი”
გიორგი გახარიამ თქვა, რომ ჩემი პასუხისმგებლობაა, რაც მოხდაო და ჩვენ შეგვიძლია პირველად დავეთანხმოთ მას, დიახ, შენი პასუხისმგებლობაა, – ამის შესახებ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის სპიკერმა ზაზა აბაშიძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სპიკერი ტყუილს უწოდებს გახარიას იმ განცხადებას, თითქოს აქტივისტები სამართალდამცველების სახალხო სასამართლოს გამართვას ითხოვენ.
“მან ასევე თქვა, რომ ვითხოვთ სახალხო სასამართლოს პოლიციელებზე. ეს არის ტყუილი. ჩვენ არანაირ სახალხო სასამართლოს არ ვითხოვთ. ჩვენ ვითხოვთ, სიმართლეს და სიმართლე არის ის, რომ უნდა გადახდეს გიორგი გახარია”, – განაცხადა სპიკერმა, რის შემდეგაც სპიკერი და აქციის მონაწილეები ერთხმად სკანდირებდნენ: “წადი, წადი”.
როგორც მან აღნიშნა, აქტივისტები მანამდე არ დაიშლებიან, სანამ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს და საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია.