პრემიერი: ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ნეგატიური ფონი შექმნა ჩვენს ეკონომიკაში

„ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ნეგატიური ფონი შექმნა ჩვენს ეკონომიკაში“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, ლარის კურსზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, ეკონომიკაზე მნიშვნელოვნად აისახა, ის გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში, პირდაპირი ფრენების აკრძალვას გულისხმობს.
„სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ, რომ ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ნეგატიური ზემოქმედება მოახდინა ეკონომიკაზე – ეს არის ფაქტი. ამასთან ერთად, ბუნებრივია, ნეგატიურ მოლოდინებზე მნიშვნელოვნად აისახა, ის გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება პირდაპირი ფრენების აკრძალვას და შესაბამისად ტურისტების რაოდენობას რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში, მაგრამ ამავე დროს ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენ გვაქვს საქმე ისე საკითხებთან, რომელიც არის მოკლევადიანი და დროებითი. ეს ყველაფერი დამშვიდდება, ქვეყანა არის თავისი სტაბილური განვითარების კალაპოტში. და ამავე დროს თითოეული ფუნდამენტური ფაქტორი ჩვენს ეკონომიკაში რომელიც განსაზღვრავს ეკონომიკის მდგრადობას არის საკმაოდ კარგ ნიშნულზე. შესაბამისად, ჩემი დასკვნაც ასეთია, სამწუხაროდ, ამ პროცესებმა ნეგატიური დისონანსი შეიტანა ეკონომიკურ ცხოვრებაში, მაგრამ ამავე დროს, მაკროეკონომიკური ფაქტორები არის საკმაოდ ჯანსაღი, შესაბამისად, ჩვენ რაღაც მნიშვნელოვან ცვლილებებს, ამ თვალსაზრისით არ ველოდებით. რა თქმა უნდა ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უფრო აქტიურად უნდა ვიმუშაოთ იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომელიც ჩვენ შეგვექმნა ამ მოკლევადიან პერიოდში და ამავე დროს უფრო ეფექტურად დავნერგოთ ის სამთავრობო პროგრამა, რომელიც ჩვენ გვაქვს და რომელიც ითვალისწინებს იმას რომ საქართველო იყოს ნაკლებად მოწყვლადი ჩვენ რეალობას ვუსწორებთ თვალს და რა თქმა უდნა ამ შეფასებას ვეთანხმებით რომ ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ნეგატიური ფონი შექმნა ჩვენს ეკონომიკაში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები