ოთარ დანელია ენდრიუ ვებერს შეხვდა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ოთარ დანელია ლუგარის სახელობის ქართულ-ამერიკულ ლაბორატორიაში ბიოლოგიური, ქიმიური და ბირთვული თავდაცვის სფეროში აშში-ის თავდაცვის მდივნის მოადგილეს ენდრიუ ვებერს შეხვდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დირექტორი ლალი მაძღარაშვილი ესწრებოდნენ.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ოთარ დანელიამ და ენდრიუ ვებერმა „ერთობლივი ბიოლოგიური ჩართულობის“ პროგრამისა და „ჯანმრთელობის გლობალური უსაფრთხოების“ ინიციატივის სფეროში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აშშ-ის მთავრობის დაფინანსებითა და ხელშეწყობით განხორციელებული პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის ქსელი უახლესი სადიაგნოსტიკო აპარატურით აღიჭურვა, დაინერგა ზოონოზური დაავადებების საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული კვლევის მეთოდები. ამავე პროგრამით ინტენსიური სასწავლო კურსები სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარული დეპარტამენტის სპეციალისტებისთვის საველე-ეპიდემიოლოგიისა და ზოონოზური დაავადებების დიაგნოსტიკის სფეროებში ტარდება.
პროგრამის ფარგლებში დაავადებების ზედამხედველობის ელექტრონული სისტემაც დაინერგა, რაც ინფექციურ დაავადებებზე ზედამხედველობის ეროვნული მასშტაბის მონაცემთა ბაზა გახდება. შეხვედრაზე ოთარ დანელიამ და ენდრიუ ვებერმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები